ამერიკული პარტია (ინგლ. American party) — აშშ-ის პოლიტიკური პარტია, რომელიც 1843-1860 წლებში არსებობდა.[1]
პარტიის სახელწოდება
1843 წელს ქალაქ ნიუ-იორკში ჩამოყალიბდა პოლიტიკური გაერთიანება „ამერიკული რესპუბლიკური პარტია“. 1845 წელს გამოქვეყნდა კონვენცია, რომლითაც პოლიტიკურ გაერთიანებას „მკვიდრ ამერიკელთა პარტია“ დაერქვა. 1855 წელს პარტიას კვლავ შეეცვალა სახელი და „ამერიკული პარტია“ ეწოდა.
პარტიის მეტსახელი იყო „Know Nothing“(„არაფერი ვიცი“). ეს მეტსახელი პარტიის საიდუმლო ორგანიზაციაში გაჩნდა. პარტიის ერთ-ერთ წევრს ჰკითხეს მის საქმიანობაზე, რაზეც მან უპასუხა: „მე არაფერი ვიცი“. მოწინააღმდეგეები ამერიკული პარტიის წევრებს დაცინვით „არაფრის მცოდნეებს“ ეძახდნენ.
ისტორია
1843 წელს ქალაქ ნიუ-იორკში ჩამოყალიბდა „ამერიკული რესპუბლიკური პარტია“, რომელიც მკაცრად დაუპირისპირდა ირლანდიელ და გერმანელ მიგრანტებს. 1844 წელს წარმომადგენელთა პალატაში ამერიკულმა პარტიამ მოიპოვა 6 მანდატი:ნიუ-იორკის შტატში 4 მანდატი, ხოლო პენსილვანიის შტატში 2 მანდატი.
1852 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკული პარტიის სახელით კენჭს იყრიდა პენსილვანიელი კონგრესმენი ჯეიკობ ბრუმი. საპრეზიდენტო არჩევნებში ბრუმმა მიიღო 0.1 %. 1854 წელს ამერიკულმა პარტიამ არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და წარმომადგენელთა პალატაში 52 მანდატი მოიპოვა. 1856 წელს ამერიკული პარტიის წევრი ნათანიელ ბენქსი წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა. 1856 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკულმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა აშშ-ის მე-13 პრეზიდენტი მილარდ ფილმორი. საპრეზიდენტო არჩევნებში ფილმორმა მიიღო 21.5 % და მესამე ადგილზე გავიდა.
1860 წელს ამერიკული პარტიის წევრთა უმრავლესობა შეუერთდა კონსტიტუციური კავშირის პარტიას.
ამერიკული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები
სქოლიო