აზერბაიჯან-იორდანიის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს აზერბაიჯანსა და იორდანიას შორის. ორი ქვეყანა ურთიერთთანამშრომლობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სამართალი, ტურიზმი, თავდაცვა, ინფორმაცია და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, სტატისტიკა, სამხედრო საქმე, სტანდარტიზაცია, გადაუდებელ საქმეთა მენეჯმენტი და სხვ.[1]
დიპლომატიური ურთიერთობები
იორდანიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 1991 წლის 28 დეკემბერს აღიარა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 13 თებერვალს დამყარდა.[2]
აზერბაიჯანის საელჩო ამანში 2006 წლის 28 მაისს გაიხსნა, ხოლო იორდანიის საელჩო ბაქოში 2007 წლის 5 მაისიდან ფუნქციონირებს.[2]
ამჟამად აზერბაიჯანის მილი მეჯლისში აზერბაიჯანსა და იორდანიას შორის პარლამენტთაშორის ურთიერთობებზე ჯგუფი მუშაობს, რომელიც 7 დეპუტატისგან შედგება და არასტა ჯავადოვა ხელმძღვანელობს.[2] იორდანიის ელჩი ბაქოში არის სამი აბდულაჰ გოშეჰი,[3] ხოლო აზერბაიჯანის ელჩი იორდანიაში - რასიმ რზაიევი.[4]
2014 წლის 31 მარტს იორდანიის პარლამენტის ქვედა პალატაში იორდანია-აზერბაიჯანის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფი დაარსდა, რომლის ხელმძღვანელადაც დეპუტატი ჰაზემგაშუ აირჩიეს. 2014 წლის 15 ივლისს იორდანია-აზერბაიჯანის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა იორდანიის პარლამენტის ზედა პალატაშიც, რომლის მეთაურადაც მოჰამედ სგური აირჩიეს.
თანამშრომლობის ჩარჩო
მთავარი შეთანხმებები
აზერბაიჯანსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის სფეროში მთავარ შეთანხმებებს მიეკუთვნება: „ჩარჩო-შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ“; „მემორანდუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის“; „შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და მოსამსახურეობრივი პასპორტების მქონე მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ“.
აზერბაიჯანსა და იორდანიას შორის 41 დოკუმენტს მოეწერა ხელი (24 - მთავრობათშორისი შთანხმება, 17 - კერძო ორგანზიაციებს შორის შეთანხმებები, კომისიათა შეხვედრების მოხსენებები, აღმასრულებელი პროგრამები და სამოქმედო გეგმები). მათ შორისაა: „მემორანდუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის ტექნიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ (13 თებერვალი, 1993); „ერთობლივი შეთანხმება“ (13 თებერვალი, 1993); „ჩარჩო-შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“. (23 აგვისტო, 2006); „შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის ეკონომიკურ და ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ (11 ივლისი, 2006); „სავაჭრო შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში“ (11 ივლისი, 2006); „შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომერციისა და მრეწველობის კაბინეტსა იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს კომერციისა და მრეწველობის კაბინეტს შორის“ (11 ივლისი, 2006) და სხვ.[2]
ეკონომიკური თანამშრომლობა
2009-2010 წლებში ორ ქვეყანას შორის საერთო ვაჭრობის მაჩვენებელი 38.5%-ით გაიზარდა.[5] 2011 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანსა და იორდანიას შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საერთო კომისიის პირველი შეხვედრა შედგა.[6] 2011 წლის შეთანხმების თანახმად, ორ ქვეყანას შორის მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა დაიწყო. 2012 წელს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში აზერბაიჯან-იორდანიის სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა გაიმართა.[7] ქვეყნები თანამშრომლობენ სამხედრო სფეროშიც. 2011 წელს აზერბაიჯანმა და იორდანიამ ერთობლივი ძალებით ტყვიაგაუმტარი ჯავშნებისა და ჩაფხუტების დამზადება დაიწყეს.[8][9]
ტურიზმი
2019 წლის დეკემბერში იორდანიის მეფის, აბდალა II იბნ ალ ჰუსეინის აზერბაიჯანში ვიზიტისას აზერბაიჯანის ავიახაზების პრეზიდენტი, ჯაჰანგირ ასკეროვი იორდანიის ელჩს, სამი ასემ გოშეჰს შეხვდა. შეთანხმების თანახმად, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების სივრცე გაიხსნება.[10]