ალი ობნ ალ-ჰუსაინ იბნ მუჰამად იბნ აჰმად ალ-კურაში აბუ ლ-ფარაჯ ალ-ისფაჰანი (არაბ. أبو الفرج الأصفهاني; დ. 897, ისპაანი — გ. 20 ნოემბერი, 967, ბაღდადი) — არაბი პოეტი და სწავლული. უკანასკნელი ომაიანი ხალიფის მარვან იბნ მუჰამადის შთამომავალი. მიიღო მრავალმხრივი განათლება: შეისწავლა არაბული გრამატიკა, მუსულმანური სამართალი, ისტორია, მედიცინა, ასტრონომია, მუსიკა, ფილოლოგია, პოეზია. იყო ბუიდების კარის მგოსანი და მდივანი. მიღებული იყო ჰალაბის სამეფო კარზე. მის მრავალმრიცხოვან ლიტერატურულ და ისტორიულ ნაწარმოებთაგან ჩვენამდე მოაღწია „სიმღერათა წიგნმა“ („ქითაბ ალ-აღანი“) და „მოგზაურობათა წიგნმა“ („ქითაბ ალ-დიარათ“). „სიმღერათა წიგნი“ სახალიფოს ისტორიისა და კულტურის ძვირფას ცნობებს შეიცავს, მასში შეტანილია VII-X საუკუნეების არაბი და არაბულენოვანი პოეტების ნაწარმოებები და ბიოგრაფიები. „მოგზაურობათა წიგნში“ თავმოყრილია 786-902 წლებში შეთხზული არაბული ლექსები და ანეკდოტები.
ლიტერატურა
სქოლიო