2003 YN107 — მცირე ზომის ასტეროიდი, კლასიფიცირებული, როგორც ატონის ჯგუფის დედამიწისახლო ობიექტი, რომელიც მოძრაობს დედამიწასთან 1:1 საშუალო მოძრაობის რეზონანსში. ამის გამო, ის დედამიწასთან შედარებით კოორბიტალურ კონფიგურაციაშია.[2][3][4]
აღმოჩენა, ორბიტა, ფიზიკური თვისებები
2003 YN107 აღმოჩენილ იქნა ლინკოლნის დედამიწის მახლობელი ასტეროიდების კვლევის სისტემის (LINEAR) მიერ, მზის გარშემო ორბიტაზე 2003 წლის 20 დეკემბერს. მისი დიამეტრი დაახლოებით 10-დან 30 მეტრამდეა. იგი, ნასას დედამიწის ახლო ორბიტაზე მოძრავ ობიექტთა სიაშია და, სავარაუდოდ დედამიწიდან დაშორებულია 0.01 ა. ე.-ით. ის მზის გარშემო ბრუნავს დედამიწის მსგავს, თითქმის წრიულ ორბიტაზე. მისი ორბიტალური პერიოდი 363.846 დღე — ძალიან ახლოს დგას დედამიწის ვარსკვლავიერ (სიდერიულ) წელიწადთან.
დედამიწასთან თანაორბიტალური და ორბიტალური ევოლუცია
დაახლოებით 1997 წლიდან 2006 წლამდე ასტეროიდი რჩებოდა დედამიწისგან 0.1 ა. ე. (15,000,000 კმ) ფარგლებში და როგორც ჩანს, ის ნელა ბრუნავდა დედამიწის გარშემო.[2] თუმცა, 2003 YN107 არ არის მეორე მთვარე, რადგან ის არ არის მიბმული დედამიწასთან. ეს არის კოორბიტალური ობიექტების, ან კვაზი-სატელიტების პოსტულირებული ჯგუფის პირველი აღმოჩენილი წევრი, რომელიც აჩვენებს ამ ტრაექტორიის მახასიათებლებს.[2][3] ამ ჯგუფის სხვა წევრებს შორისაა (10563) Izhdubar, (54509) YORP, (66063) 1998 RO1, (85770) 1998 UP1 და (85990) 1999 JV6. 1996 წლამდე ასტეროიდი მზის გარშემო, დედამიწის ორბიტის გასწვრივ ეგრეთ წოდებულ ნალისებურ ორბიტაზე იმყოფებოდა. 2006 წლიდან იგი კვლავ დაუბრუნდა აღნიშნულ ორბიტას. 2003 YN107 ძალიან წააგავს 2002 AA29-ს, რომელიც დაახლოებით 600 წელიწადში გახდება დედამიწის კვაზი თანამგზავრი.[2][3][4]
ასტეროიდ 2003 YN107-ის ორბიტის ანიმაცია 1900-2100 წლებში