ჰუგო შუხარდტი დაიბადა გერმანიის ქალაქ გოთაში. იზრდებოდა არისტოკრატიულ ოჯახში. მამა, ერნს იულიუს შუხარდტი, იყო ჰერცოგის ნოტარიუსი და იუსტიციის მრჩეველი. დედა – მალვინა ფონ ბრიდელ-ბრიდერი – შვეიცარიელი ფრანგი, რომლის მშობლებიც სასახლესთან დაახლოებულ წრეს ეკუთვნოდნენ.
ჰუგო შუხარდტი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა უცხო ენების ადვილად ათვისების უნარით. სამი წლისამ დაიწყო ფრანგულის სწავლა, ამავდროულად იწაფებოდა გერმანულის კითხვაში. შვიდი წლის ასაკიდან კერძო მასწავლებელთან სწავლობდა ლათინურსა და ბერძნულს, დაინტერესებული იყო ებრაული და არაბული ენების შესწავლით.
მამამისის ზეგავლენით, 1859 წელს სამართლის სწავლა დაიწყო იენაში, თუმცა მომდევნო წელსვე გადავიდა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1861 წელს სწავლა გააგრძელა ბონის უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის განხრით. 1864 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ვულგარული (ხალხური) ლათინურის ვოკალიზმი“.
სამეცნიერო მოღვაწეობა
ჰუგო შუხარდტი 1870 წლიდან კითხულობდა ლექციებს ლაიფციგის უნივერსიტეტში. 1873 წელს გახდა რომანული ფილოლოგიის პროფესორი ჰალეს უნივერსიტეტებში. 1876 წელს მიიწვიეს ავსტრიაში, გრაცის უნივერსიტეტში, სადაც 1900 წლამდე ეკავა რომანული ფილოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობა. მას შემოთავაზებები ჰქონდა ბუდაპეშტისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებიდან, თუმცა გრაცში დარჩენა ამჯობინა. იგი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ავსტრიაში.
რომანული ენების გარდა იგი იკვლევდა კელტურ, ბასკურ, კრეოლურ და სხვა ენებს. ლინგვისატური მასალების შესაგროვებლად მოგზაურობდა უელსში (1875), ესპანეთსა (1879) და იტალიაში. 80-იანი წლების ბოლოდან იწყებს ბასკური ენის აქტიურ კვლევას. 1887 წლიდან აქვეყნებს პუბლიკაციებს ბასკური ენის, რომანულ-ბასკური ენობრივი კავშირების შესახებ. ბასკურ ენაში ცოდნის გასაღრმავებლად 1887 წელს ოთხი თვით იმოგზაურა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ესპანეთის საზღვართან მდებარე ატლანტიკური პირენეის სოფელ სარაში. იგი სიცოცხლის ბოლომდე იკვლევდა ბასკურ ენას, ბასკურის შესახებ მას 100-ზე მეტი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული.
ქართველოლოგია
ბასკური ენის კვლევამ, პროფესორი შუახარდტი იბერიულ-კავკასიურ ენებანდე მიიყვანა. საფუძვლიანად შეისწავლა ძველი და ახალი ქართული. მან პირველმა მიუთითა ზოგ ისეთ ენობრივ მოვლენაზე, რომელიც იმ დროის ქართველი სპეციალისტებისთვისაც კი უცნობი იყო. მაგალითად: აბრუპტივების თავისებურება ქართულში, მახვილის ბრუნება, მოქმედებითი ბრუნვის -ივ ნიშნიანი ვარიანტი, მოთხრობითი ბრუნვისა და გარდამავალი ზმნის რაობა, დიალექტებში -ყე ნაწილაკის გამოყენება ირიბი ობიექტის მრავლობითობის აღსანიშავად და სხვ. შუახარდტი ხაზგასმით მიუთითებდა ქართულის, როგორც მთავარი ენის, შესწავლის მნიშვნელობას, ერთი მხრივ, ქართველურ ენათა კვლევის, მეორე მხრივ, ჩრდილოკავკასიურ ენებსა და ბასკურთან ნათესაობის დადგენის თვალსაზრისით. ბასკური და ქართული ზმნების ანალიზის საფუძველზე იგი არ გამორიცხავდა ამ ენათა მსგავსება-ნათესაობას.
ჰუგო შუახარდტი იყო პრაქტიკოსი მასწავლებელიც. მისი მოღვაწეობის პერიოდში გრაცის უნივერსიტეტში ფართოდ გაიშალა მრავალმხრივი ქართველოლოგიური საქმიანობა, ჩამოყალიბდა ქართული ენის შემსწავლელი სტუდენტების ჯგუფი, რომელსაც თვითონ ასწავლიდა. ქართული ენის შესახებ მისი გამოკვლევებიდან აღსანიშნავია 1895 წელს ვენაში გამოცემული ორი ნაშრომი: „ქართული ენის შესახებ“ (რომელიც მიუძღვნა პეტრე მელიქიშვილს) და „გარდამავალი ზმნის პასიური ხასიათის შესახებ კავკასიურ ენებში“. ასევე, „ქართული ენათმეცნიერება“. I, II (1896), III (1897), „ცნობები ქართული ხელნაწერის შესახებ“ (1927) და სხვ. მსოფლიო ლინგვისტიკაში მანვე გაუკაფა გზა ტერმინს ”ქართველური ენები".
იქნებ სიკეთე მყოთ და მაცნობოთ, შესაძლოა თუ არა იშოვოთ ჩემთვის „ივერიის“ იმ ნომრისა (1884 – 1885... -ის ?), რომელშიც მოთავსებულია ბ. ჩუბინაშვილის წერილი: „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა.“
ამავე დროს ძალიან მსურს ვიცოდე, თუ არის ამ ჟურნალში სხვა წერილები, რომელნიც ქართულ ენათმეცნიერებას ეხებიან.
გთხოვთ მაპატიოთ შეწუხებისთვის. მე ძალიან დაინტერესებული ვარ ქართული ენით. „ეხლა დავიწყებ კითხვასა თქვენს წერილისა: „ვლადიკავკასიდამ ტფილისამდე“, მაგრამ ძალიან ძნელია ჩემთვის. თქვენი აღმატებულების პატივისმცემელი“ (ბრჭყალებში ჩასმული წინადადებები დედანში ქართულად არის დაწერილი).
მოსე ჯანაშვილის პირად აქრივში ინახება ჰუგო შუხარტის წერილები. ერთ-ერთ მადგანში ჰუგო იწერება:[9]
შუხარდტს დიდი წვლილი მიუძვის ძველი ქართული ხელნაწერების დაცვა-გადარჩენისა და შესწავლის საქმეში. მან ქართულ კულტურას შემოუნახა რამდენიმე ძველი ქართული ხელნაწერი, მათ შორის VII საუკუნის „ხანმეტი ლექციონარი“.
XIX საუკუნის დასასრულს სირია-პალესტინიდან გაჰქონდათ უძველესი ხელნაწერები ევროპასა და ამერიკაში. სწორედ ამ გზით მოხვდა „ხანმეტი ლექციონარი“ ოთხ სხვა ქარულ ხელნაწერთან ერთად ავსტრიაში, რომელიც შუხარდტს შეუძენია XX საუკუნის მიწურულს ვინმე ავსტრიელი მხატვარისგან. როგორც ირკვევა, მხატვარს ხელთ ჩაუვარდა სინას მთის ხუთი ქართული ხელნაწერი, ისინი ვენაში ჩამოიტანა და შესაძენად შესთავაზა ვენის სასახლის ბიბლიოთეკის დირექტორ ფონ ცაისბერგს, მაგრამ მან, ხელნაწერთა საეჭვო წარმომავლობის გამო, უარი თქვა მათ შეძენაზე. ამის შემდეგ ისინი შუხარდტს შეუძენია.[10] მან ხანმეტი ტექსტის შესწავლა იმ დროს დაიწყო, როცა ქართველმა მეცნიერებმა საერთოდ არაფერი იცოდნენ ხანმეტობის შესახებ. შუხარდტმა დაწერა ნაშრომი „ცნობები ქართული ხელნაწერების შესახებ“, თუმცა მაშინვე არ გამოუქვეყნებია. მან ნაშრომი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გაუგზავნა აკაკი შანიძეს, რომელმაც იგი გამოსცა 1928 წელს (ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, ტ. VIII, გვ. 347-376). აკაკი შანიძემ მაღალი შეფასება მისცა აღნიშნულ ნაშრომს და შუხარდტის სახელს დაუკავშირა ხანმეტი ძეგლების შესწავლის წამოწყება.
ცხოვრების ბოლო წლები
1900 წელს შუხარდტმა დატოვა რომანული ენების კათედრის გამგის თანამდებობა. საცხოვრებლად დარჩა გრაცში, აიშენა ვილა და დედის საპატივსაცემოდ დაარქვა „მალვინას ვილა“. ცხოვრების ბოლო წლებში ჩამოშორდა რომანულ ფილოლოგიას, მეტწილად დაკავებული იყო ბასკური და ქართველური ენების კვლევით. დიდი სურვილის მიუხედავად, შუხარდტმა ვერ შეძლო საქართველოში ჩამოსვლა. ოჯახი არ შეუქმნია. 1926 წლის სექტემბრიდან ლოგინად ჩავარდა. გარდაიცვალა 1927 წლის 21 აპრილს. ანდერძის თანახმად, მას კრემაცია გაუკეთეს და ფერფლი გრაცში საკუთარი ვილის კედელში ჩაატანეს. შუხარდტმა გრაცის უნივერსიტეტს უანდერძა პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 20 000 წიგნს ითვლის, ხოლო ვილა – მის სიცოხცლეშივე დაარსებულ „მალვინას ფონდს“.
ლიტერატურა
გოზალიშვილი შ., ილია ჭავჭავაძე და ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები. – თბ., 1973. – გვ. 34-51.
თოფურია გ., იბერიულ-კავკასიურ ენათა ლინგვისტური ბიბლიოგრაფია. – თბ., 2014. – გვ. 622, 704.