ჰალკის სემინარია დაიხურა 1971 წელს და მანამდე იყო ერთადერთი სასწავლო დაწესებულება, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსათვის ამზადებდა სასულიერო პირებს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება მის აღდგენაზე.
ისტორია
დედაქალაქში სასულიერო სასწავლებლის გახსნის პირველი მცდელობა ეკუთვნის კონსტანტინოპოლის პატრიარქგრიგოლ VI-ს, რომელმაც ის 1839 წელს ფანარში დააარსა. თუმცა ფინანსური სირთულეების გამო სკოლა მალევე დაიხურა.
1844 წლის 1 ოქტომბერს, კუნძულ ჰალკის ბორცვის წვერზე, სამების მონასტრის შენობაში, კონსტანტინოპოლის პატრიარქის გერმან IV-ის ინიციატივითა და კონსტანტინოპოლის ყოფილი პატრიარქის კონსტანტი I-ის მატერიალური მხარდაჭერით, დაარსდა ჰალკის სასულიერო სასწავლებელი.
კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და ეპარქიის ეპისკოპოსების სავალდებულო წლიური შენატანები გამოიყო სკოლის მოვლა-პატრონობისთვის, ხოლო 2 ათასი მანეთი (ოქროში) გადაირიცხა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდიდან. ადმინისტრაციული თვალსაზრისით, სკოლა უშუალოდ ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს და სინოდს ცალკე ეფორიის სახით, რომელიც შედგებოდა ოთხი ადამიანისგან, ეფორიას თავმჯდომარეობდა სინოდის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც პატრიარქი ნიშნავდა ერთი წლის ვადით. აკადემიის რექტორს საერო და სასულიერო განათლების მქონე პირებისგან (ძირითადად არქიმანდრიტის წოდებით) ირჩევდნენ. 1867 წლის წესდების თანახმად, სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 60 კაცზე ნაკლები (1886 წელს იყო 80, ხოლო 1897 წელს - დაახლოებით 100 კაცი). სწავლა გრძელდებოდა რვა წელი. მერვე კურსის ყველა სტუდენტს მოეთხოვებოდა ბერები გამხდარიყვნენ და გამოსაშვები ცერემონიის დროს საზეიმოდ დაედოთ ფიცი, რომ თავს უძღვნიდნენ მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებას. ზაფხულის არდადეგები გრძელდებოდა ორი თვე (ივლისი და აგვისტო).
1894 წლის მიწისძვრამ სემინარია გაანადგურა. კომპლექსის რესტავრაცია ჩაატარა არქიტექტორმა პერიკლის ფოტიადისმა. შემომწირველებს შორის იყვნენ: კონსტანტინოპოლის პატრიარქი ანთიმ VII — 250 თურქული ლირა, ბერძენი ლეონიდ ზარიფისი — 700 თურქული ლირა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი — 3 ათასი მანეთი ოქროში. სემინარია ხელახლა გაიხსნა 1896 წლის 6 ოქტომბერს.
მონასტრის ბიბლიოთეკის კოლექცია დაარსდა XVI საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქ მიტროფანე III-ის კოლექციის წყალობით. XX საუკუნის დასაწყისში ბიბლიოთეკის ფონდი შედგებოდა 120 ათასზე მეტი ტომისგან და იყო ყველაზე დიდი კოლექცია ოსმალეთის იმპერიიის ბერძNულ სამყაროში[1]. 2015 წლიდან მიმდინარეობს მუშაობა ბიბლიოთეკის კოლექციების სისტემატიზაციისა და ერთიანი ელექტრონული კატალოგის ჩამოყალიბებაზე.[2]
1971 წელს აკადემია დაიხურა თურქეთის კონსტიტუციის 130-ე და 132-ე მუხლების საფუძველზე, რომელიც კერძო საგანმანათლებლო რელიგიური საქმიანობის კრძალავდა თურქეთის ტერიტორიაზე.[3]
სემინარიის აღდგენაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომე I-მა არაერთხელ გაამახვილა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება სკოლის საქმიანობის განახლების საკითხზე.[4][5] მისი თქმით, საგანმანათლებლო საქმიანობის აკრძალვა ლოზანის შეთანხმების (მუხლი 40), თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის (მუხლი 24) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მუხლი 9) დარღვევაა.