შხამიანი ცხოველები — ცხოველები, რომელთა ორგანიზმი მუდმივად ან პერიოდულად შეიცავს სხვა სახეობის ცხოველებისთვის ტოქსიკურ ნივთიერებებს და ამ ნივთიერებებს თუმდაც მცირე დოზით შეყვანა ორგანიზმში იწვევს ავადმყოფურ ცვლილებებს, ხოლო ზოგჯერ — სიკვდილსაც.
შხამიანი ცხოველების შხამიანობა შეფარდებითია. ადამიანსა და ცხოველს შეიძლება გამოუმუშავდეს იმუნიტეტი ამა თუ იმ შხამის მიმართ, თუკი მათ ორგანიზმში ხანგრძლივი დროის მანძილზე შეჰყავთ შხამი მცირე დოზებით. ზოგჯერ მეფუტკრეები არამგრძნობიარეები არიან ფუტკრის შხამის მიმართ. გველის, ფუტკრისა და ზოგიერთი სხვა ცხოველის შხამს მცირე დოზებით სამკურნალო მიზნით იყენებენ.
ჯგუფები
შხამიან ცხოველებს ყოფენ ორ ჯგუფად: აქტიურ და პასიურ შხამიან ცხოველებად. პირველს განეკუთვნებიან ის ცხოველები, რომელთაც შხამის გამომმუშავებელი განსაკუთრებული ჯირკვლები აქვთ. ისინი, თავის მხრივ იყოფიან შეიარაღებულ და შეუიარეღებელ შხამიან ცხოველებად.
შეუიარაღებელ შხამიან ცხოველებს არ გააჩნიათ მჩხვლეტავი აპარატი მსხვერპლის სხეულში შხამის შესაყვანად. ასეთები არიან სალამანდრები, ტრიტონები, გომბეშოები და სხვ., რომელთა კანის სხვადასხვა უბანში განლაგებულია შხამიანი ჯირკვლები. ცხოველის გაღიზიანებისას შხამი გამოიყოფა კანის ზედაპირზე და მოქმედებს მტაცებლის ლორწოვან გარსზე.
პასიური შხამიანი ცხოველები
პასიურ შხამიან ცხოველებს შხამიანი ჯირკვლრბი არ გააჩნიათ. მათ შხამიანობას განსაზღვრავს სხეულის ამა თუ იმ ქსოვილის განსაკუთრებული თვისებები (ფარული ან ქსოვილური შხამიანობა) და შხამიანობა ვლინდება მაშინ, როცა მათ სხვა ცხოველები ჭამენ. შხამიანი შეიძლება იყოს ზოგიერთი ხოჭოს ან რგოლოვანი ჭიის სასქესო ჯირკვლები, ზოგიერთი თევზის (წვერა და სხვ.) ქვირითი ან სისხლის შრატი (მაგ. გველთევზას, მურენის, სკაროსის). შხამიან ცხოველებს განეკუთვნება აგრეთვე მრავალი შინაგანი პარაზიტი, კერძოდ, ანკილოსტომისებრნი, რომლებიც გამოყოფენ ერითროციტების დამშლელ ტოქსიკურ ნივთიერებებს.