შროშანა (ლათ. Convallaria) — ფესურიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი სატაცურისებრთა ოჯახისა. თეთრი, ზარისებრი, სურნელოვანი ყვავილები და წითელი კენკრა ნაყოფი აქვს.
გვარის სახეობებიდან ერთ-ერთი — მაისის შროშანა — გვხვდება სამხრეთ კავკასიაშიც (ადრე აქ გავრცელებული შროშანა ცალკე სახეობად, Convallaria transcaucasica-ად ითვლებოდა), საქართველოში მთის შუა სარტყლამდე, ტყეებსა და ბუჩქნარებში იზრდება. აღნიშნული სახეობა შხამიანია. ყვავილი და ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდებს — ძირითადად კონვალატოქსინს და კონვალაზიდს, რომლებსაც გულის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებენ. მედიცინაში იხმარება ყვავილებისაგან გამოხდილი ეთეროვანი ზეთიც. შროშანა დეკორატიული მცენარეა.
ლიტერატურა