ყანდაურა

ყანდაურა — ისტორიული სოფელი საქართველოში, გარეკახეთში, ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე.

ისტორია

სოფლის თავდაპირველი სახელწოდებაა ყანდიაური. ტოპონიმს საფუძვლად უდევს მამაკაცის საკუთარი სახელი ყანდია. ამავე სახელისგან მომდინარეობს გვარები ყანდიაშვილი და ყანდაშვილი.[1] ყანდიაური ეკუთვნოდა ალავერდის საკათედრო ტაძარს. 1614-1617 წლებში შაჰ-აბასის ლაშქრობებმა გაანადგურა გარეკახეთი და მათ შორის სოფელი ყანდიაური. საუკუნენახევრის განმავლობაში ნასოფლარი დაუსახლებელი იყო.

სოფელი XVIII საუკუნის ბოლოს ერეკლე II-მ აღადგინა, მან თავისი სახასო ყმები დაასახლა ყანდიაურში. რადგანაც მამულები ალავერდის ტაძარს ეკუთვნოდა, ხოლო გლეხები მეფის ყმები იყვნენ, სოფლიდან აღებული გადასახადები ორად იყოფოდა მეფესა და ალავერდის ტაძარს შორის. ერეკლეს მიერ ყანდაურას აღდგენა აღწერილია 1797 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის განჩინებაში „სოფელ ყანდიაურის თაობაზე“.[2]ერეკლემ სოფელი საუფლისწულოდ უბოძა თავის ძეს, მირიან ბატონიშვილს.[3][4]ქართლ-კახეთის სამეფოს უკანასკნელ წლებში ყანდიაურის მოურავი იყო თავადი იოსებ ზაალის ძე ჯანდიერი. აღდგენილ სოფლეში გადმოსახლდა მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან: ჯავაახიშვილები, გაბრიელაშვილები, გლახაშვილები, დურგლიშვილები, კეკოშვილები, სიდამონიძეები, ქართლელიშვილები, ხორბალაძეები (ქართლიდან), გამყრელიძეები, არჩვაძეები, მაისურაძეები, კობახიძეები (რაჭიდან), აბესაძეები, გიორგაძეები, ნუცუბიძეები, სამხარაძეები, ფხალაძეები (იმერეთიდან), შენგელიები, რომლებიც შემდეგ შენგელიძეებად დაეწერნენ (სამეგრელოდან) და სხვა.

1801 წლიდან სოფელი მოექცა სიღნაღის მაზრაში. ყანდიაურის გლეხობა აქტიურად მონაწილეობდა კახეთის აჯანყებაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ერეკლე II-ის შვილიშვილი გრიგოლ ბაგრატიონი. 1812 წლის თებერვალში, ორი კვირის განმავლობაში აჯანყებულებმა გაათავისუფლეს სოფელი რუსული მმართველობისგან. XIX საუკუნის დასაწყისში ყანდიაურის ნაცვალი იყო ბერი გამყრელიძე, ხოლო შემდეგ მისი ვაჟი ივანე გამყრელიძე. XIX საუკუნის ბოლო მესამედში სოფლის მამასახლისად ზედიზედ ოთხჯერ აირჩიეს ივანე ჯავახიშვილი (1846-1902).

თანამედროვეობა

ყანდაურას თემი შედის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში და აერთიანებს ორ სოფელს, ქვემო ყანდაურას (თემის ცენტრი) და ზემო ყანდაურას.

ცნობილი ადამიანები

სოფელში დაიბადნენ

ლიტერატურაა

  • ჭუმბურიძე დ. ბაგრატიონ-ბაბადიში ლ., „პროფესორ გიორგი ჯავახიშვილის მოსაგონარი“, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N2 გვ. 367-374 —თბილისი, „უნივერსალი“ 2016 ISSN 1512-3154

სქოლიო

  1. სახლთხუციშვილი უ. „ადგილის დედა ანუ რას მოგვითხრობენ ტოპონიმები“ გვ. 139 – თბილისი, 1997
  2. დოლიძე ი. „ქართული სამართლის ძეგლები“ ტ VI გვ.13-15 – თბილისი, 1977
  3. ბერძენიშვილი მ. „მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისთვის“ ტ II გვ. 104-105 — თბილისი, 1983
  4. იოანე ბატონიშვილი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 66 — თბილისი, 1986