ფრანჩესკო გრაციანი რომის პროვინციის პატარა ქალაქ სუბიაკოში (იტალ.Subiaco), 1952 წლის 16 დეკემბერს, ანტონიო და ანუნციატა გრაციანების ოჯახში დაიბადა. ომისშემდგომი გლობალური ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული უკიდურესი სიღარიბისა და გაჭირვების პირობებში, ფრანჩესკოს მშობლებს (რომელთაც მის გარდა კიდევ სამი ბავშვი — პასკუალე, ლუჩანა და მარია უნდა აღეზარდათ) სულ უფრო მეტად უჭირდათ ოჯახის ელემენტარული საარსებო სახსრებით უზრუნველყოფა. კალატოზისა და მუშის ჯამაგირი (რაც მამამისის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა) იმდენად მცირე იყო, რომ თვიდან თვემდე თავის გასატანად, დედამისი შეძლებულ ოჯახებში დამლაგებლად მუშაობაზეც არ ამბობდა უარს. ამდენად, ფრანჩესკოსა და მის და-ძმებს, როგორც მათი თაობის უმრავლესობას, არ მოკლებიათ არც გაჭირვება და არც ყოველდღიური საზრუნავი. წლების შემდეგ მიცემულ ინტერვიუებში, თავისი ბავშვობის შესახებ საუბრისას ფრანჩესკოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „გაჭირვებულ ოჯახში დაბადება არც განაჩენია და არც ბედისწერა, რადგან ცხოვრებისეული სირთულეების ბავშვობიდანვე დაძლევის აუცილებლობა დიდ ძალასთან ერთად, პიროვნული ზრდისა და განვითარების ძლიერ მოტივაციას გაძლევს, რადგან თავიდანვე გიწევს იმის გაცნობიერება, რომ კეთილდღეობისა და ღირსეული ცხოვრების მისაღწევად, უკლებლივ ყველაფრის მოპოვება სხვათა დაუხმარებლად, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის ხარჯზე მოგიწევს.“[2][3][4]
ბუნებრივია, რომ იმ პერიოდის იტალიისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში, ყოველდღიური სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემებით დატვირთული ფრანჩესკოსთვის და მისი თანატოლების უმრავლესობისთვის, ფეხბურთის თამაში, ერთფეროვანი და უსიხარულო ცხოვრებიდან გაქცევისა და ერთგვარი სულის მოთქმის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. მისი თაობის მრავალი აღიარებული ფეხბურთელის მსგავსად, ფრანჩესკოს სპორტული ბიოგრაფიაც ქუჩის ფეხბურთიდან იღებს სათავეს. სკოლიდან მოსვლისთანავე, მას და მის უბნელ მეგობრებს ფეხბურთის გარდა არაფერი აინტერესებთ. მოზარდი გრაციანის საფეხბურთო მონაცემები შეუმჩნეველი არ რჩებათ ფეხბურთის ადგილობრივ მესვეურებს და 1966 წლიდან მომავალი მსოფლიო ჩემპიონი „ვის სუბიაკოს“ (იტალ.Vis Subiaco) გუნდში იწყებს თამაშს.[5][6][7][8][9]
კარიერა
საკლუბო კარიერა
გრაციანის ახალგაზრდული კარიერის წლები (1967–1970) საფეხბურთო კლუბ „ბეტინი კუადრაროს“ (იტალ.Bettini Quadraro) უკავშირდება.[10] ამ, ნახევრადსამოყვარულო საფეხბურთო კლუბში იგი სამი წლის განმავლობაში ხვეწს თავის ოსტატობას, რის შემდეგაც არეცოს, ამავე სახელწოდების მქონე (იტალ.Società Sportiva Arezzo),[11]იტალიის სერია B-ს გათამაშების მონაწილე საფეხბურთო კლუბში გადადის. გრაციანი ახალ გუნდში სამი სეზონის განმავლობაში ასპარეზობს, რა დროსაც სერია B-ს 48 შეხედრას ატარებს და 11 ბურთი გააქვს. 1970–1971 წლების სეზონს „არეცო“ სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზე ამთავრებს.[12]
მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში გრაციანის გუნდი კიდევ უფრო მოკრძალებულ შედეგებს აჩვენებს, კერძოდ, 1971–1972 წლების სეზონზე მე-15 ადგილს,[13] ხოლო 1972–1973 წლების სეზონზე მე-13 ადგილს იკავებს.[14] კანონზომიერია, რომ პროფესიონალური ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით, ასევე, სპორტული თუ ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, კლუბში დარჩენის პერსპექტივა, გრაციანის მონაცემებისა და ამბიციების მქონე თავდამსხმელისთვის თითქმის ყოველგვარ ინტერესსა და მიმზიდველობას კარგავს.
1973 წლიდან იგი იტალიის სერია A-ს საფეხბურთო კლუბ „ტორინოს“ შემადგენლობაში აგრძელებს საკლუბო კარიერას. გრაციანი ტურინულ კლუბში 8 სეზონის განმავლობაში თამაშობს. გუნდის ძირითად შემადგენლობაში, პირველად, სერია A-ს კალენდარულ მატჩში, 1973 წლის 18 ნოემბერს, „სამპდორიას“ წინააღმდეგ გამოდის. „ბორდოსფერთა“ მაისურით თავისი პირველი გოლი იმავე წლის 16 დეკემბერს „ბოლონიასთან“ შეხვედრაში გააქვს. ტურინელთა ღირსებას გრაციანი სულ 289 შეხვედრაში იცავს და 122-ჯერ ახერხებს მეტოქეთა კარის აღებას; აქედან 221 მატჩი და 97 გოლი — „სკუდეტოს“ გათამაშების, 45 მატჩი და 17 გოლი — იტალიის თასის, ხოლო 23 მატჩი და 8 გოლი — ევროპული საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში.
ფრანჩესკო გრაციანი „ხარების“ შემადგენლობაში 1975–76 წლების სეზონზე მთელი თავისი საკლუბო კარიერის მანძილზე პირველად და ერთადერთხელ იტალიის ჩემპიონის ტიტულს ეუფლება.[15][16]
სანაკრებო კარიერა
1975–1983 წლებში იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 64 შეხვედრას ატარებს და 23 ბურთი გააქვს.
↑Almanacco illustrato del Calcio, Edizioni Panini, 1972, გვ. 221.
↑Almanacco illustrato del Calcio, Modena, Panini, 1973, გვ. 220.
↑Almanacco Illustrato del Calcio, Modena, Panini, 1974, გვ. 225.
↑Bruno Colombero e Nello Pacifico, Agenda Granata 2, Torino, Fondazione Campo Filadelfia, 1999, გვ. 118.
↑La storia del Torino Calcio ha inizio il 3 dicembre 1906, data di fondazione del Football Club Torino. Agenda granata 2 / a cura di Bruno Colombero e Nello Pacifico. – [S.l. : s.n.], c1999 (Cascine Vica, Rivoli : Tipolito Subalpina). – 287 p. : ill. ; 21 cm. – Suppl. a «Tuttosport» del 4 maggio 1999. Biblioteche Civiche Torinesi: sito internet del Settore Sistema bibliotecario urbano della Città di Torino.
↑Italia 1982 // იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.
↑Roberto Di Maggio (9 იანვარი, 2005). Francesco Graziani - Goals in Serie A. Francesco Graziani - Born in Subiaco-ROMA (Italy), 16-12-1952, Height: 1,80 m., Weight: 76 kg.; Season: 1976-77; Team: Torino; Serie A; App.: 30; Goals: 21. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.
↑Roberto Di Maggio (17 მაისი, 2018). Italy - Coppa Italia Top Scorers. Coppa Italia; Season: 1980-81; Top Scorer - Francesco Graziani (Torino); Goals: 5. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი 2021.