|
„...ხოლო კვალად გოკიისწყლის შესართავის, ჯავახეთის მტკვრის სამჴრით, მაღლა მინდორსა ზედა, მთის ძირად არს ტბა კარწახისა დიდი და აღვსილი თევზითა, უმეტეს კალმახითა, ფრიად გემოიანითა. ამ ტბას მოერთვის წყალი ფოსოსი, რომელი გამოსდის ყარსის მთას, და მოდის ჩრდილოთ კერძოდ. ამ წყალზედ არს, ტბის მჭვრეტი, წყაროსთავს, ეკლესია, ფრიად დიდ-მშვენიერი, გუნბათიანი, რომელი აღაშენა მირდატ გორგასალის ძემან. იჯდა ეპისკოპოსი, მწყემსი მტკვრის აღმოსავლეთისა არტაანითურთ, ვიდრე ყარსის მთადმდე და ხავეთამდე. ამავ წყალზედ არს ფოსო ანუ ჩუღურეთი. ამ ფოსოს აქუს, აღმოსავლით, მთა ნიალისყურისა, სამჴრით — მთა ყარსისა, დასავლით — მთა არტაანისა და მის შორისი, ჩრდილოით მთა ნიალისყურისავე, წყაროსთავის სამჴრით, რომელსა გასჭრის წყალი ფოსოსი. და არს ესე ფოსო უვენახო, უხილო, ვიტარცა ჯავახეთი, ყოვლითა მოსავლით, პირუტყვით და კაცითა.“
|