სიუდად-დელ-ესტე (ესპ. Ciudad del Este) — სიდიდით მეორე ქალაქი პარაგვაიში, ალტო-პარანის დეპარტამენტის დედაქალაქი. გაშენებულია მდინარე პარანაზე. 2008 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 320 872 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი 1957 წელს დაარსდა მდინარე პარანის ნაპირებზე, ბრაზილიის საზღვართან. იმ დროისთვის მას პუერტო-ფლორ-დე-ლისი ერქვა, მაგრამ მოგვიანებით, დიქტატორ ალფრედო სტრესნერის პატივსაცემად პუერტო-სტრესნერი ეწოდა. 1989 წელს მისი დამხობის შემდეგ, ქალაქს ამჟამინდელი სახელი — სიუდად-დელ-ესტე (აღმოსავლეთის ქალაქი) ეწოდა.
ქალაქი ე. წ. „სამი საზღვრის ზონას“ — თავისუფალი ვაჭრობის ზონას მიეკუთვნება; აქედან გამომდინარე, ყველაზე მიმზიდველი ადგილები ქალაქში მისი მაღაზიებია.
გრძელი ქუჩები ქალაქს გარეუბნებისგან გამოჰყოფს. მოსახლეობის ძირითად ნაწილს უცხოელები შეადგენენ: ტაილანდელები, კორეელები, არაბები და ირანელები, რის გამოც, ქალაქში ბევრი მეჩეთი და პაგოდებია.
აღსანიშნავია, რომ გაეროში მხარდაჭერის სანაცვლო, ქალაქის მუნიციპალური შენობა ტაივანის მთავრობამ ააშენა, რის გამოც მის თავზე ტაივანის დროშა ფრიალებს.
სიუდად-დელ-ესტეს სიახლოვეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი, იტაიპუს ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ, ქალაქმა ზრდა დაიწყო. მდინარე პარანაზე გადებულმა ე. წ. „მეგობრობის ხიდმა“ სიუდად-დელ-ესტე მეზობელ ბრაზილიის ქალაქ ფოს-დუ-იგუასუს დაუკავშირა. ხიდი 1965 წელს გაიხსნა და მისი სიგრძე 552 მეტრია.
გალერეა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში