დაიბადა გენერალ-მაიორ სპირიდონ ესაძის ოჯახში. მისი ძმები — ბორისი და სპირიდონი — ასევე სამხედროები იყვნენ. დაამთავრა სიმბირსკის კადეტთა კორპუსი (1886) და კონსტანტინეს სახელობის მეორე სამხედრო სასწავლებელი (1888). სხვადასხვა წლებში მსახურობდა ეკატერინბურგის 37-ე და ლორეს 264-ე ქვეით სარეზერვო პოლკებში. 1899 წელს გადაიყვანეს კავკასიის სამხედრო შტაბთან არსებული სამხედრო-საისტორიო განყოფილების რედაქტორის მოვალეობის შემსრულებლად. 1912 წელს დანიშნეს ამავე განყოფილების უფროსად და კავკასიის სამხედრო-საისტორიო მუზეუმის (ე. წ. „დიდების ტაძრის“) დირექტორად. დიდი წვლილი მიუძღვის ამ მუზეუმის შექმნაში.[1] 1917 წელს ხელმძღვანელობდა კავკასიის საისტორიო კომისიას, რომელსაც თურქეთთან საომარი მოქმედებების დოკუმენტირება და აღწერა ევალებოდა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში (1918-1921) სიმონ ესაძე იყო საქართველოს არმიის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსი, ქართული არმიის არქივისა და მუზეუმის უფროსი. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, 1921 წლის აგვისტოდან ესაძე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საარქივო სამმართველოს სამხედრო სექციას, 1923 წლიდან გარდაცვალებამდე (1927) — სამხედრო-ისტორიული არქივს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დაჯილდოებულია წმ. ანას II და წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენებით.
შემოქმედება
ესაძე ითვლებოდა რუსი სამხედრო ისტორიკოსის ვ. ა. პოტოს მოწაფედ. მას ეკუთვნის შრომები რუსეთის იმპერიის არმიის ცალკეული ნაწილების, კავკასიის ომის ისტორიის შესახებ და სხვ. აშუქებდა რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობის საკითხებს. კაპიტალური ნაშრომი მიუძღვნა კავკასიაში რუსეთის ადმინისტრაციული მართვის ისტორიას. დიდი დამსახურება მიუძღვის კავკასიის არმიის შტაბების, კორპუსებისა და ნაწილების არქივების მოწესრიგებასა და შენარჩუნებაში. თანამშრომლობდა მწერალ ლევ ტოლსტოისთან და აწვდიდა მას კავკასიის ომების ამსახველ მასალას მოთხრობა „ჰაჯი მურატისათვის“.
ესაძე პირველი ქართველი სამხედრო კინოდოკუმენტალისტია. 1908-1909 წლებში შექმნა კინოქრონიკა კავკასიის არმიის ცხოვრებიდან, ხოლო 1915 წელს გადაიღო ფირი კავკასიის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შესახებ, მ. შ. „არზრუმის დაცემა“ და „ტრაპიზონის აღება“ (ჩვენება გაიმართა 1916 წელს). მისი სცენარით ა. დრანკოვისა და ა. ტალდიკინის კინემატოგრაფიულმა ფირმამ გადაიღო სურათი „კავკასიის დაპყრობა“ (1913). გარკვეული შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა კინორეჟისორ და ოპერატორ ვასილ ამაშუკელთან, ალექსანდრე წუწუნავასთან, მიუნხენის თეატრის რეჟისორ ლ. ჩერნისთან და სხვ. 1917-1918 წლებში მან გამოყო გადასაღები აპარატი კინოფილმ „ქრისტინეს“ გადასაღებად.[2] ესაძემ ფირზე აღბეჭდა ასევე 1918 წლის სამშვიდობო კონფერენცია ბათუმში.
ბიბლიოგრაფია
Историч. очерк распространения русской власти на Кавказе, (напеч. в Кав. календаре на 1913 г.) / Сост. ред. Воен.-ист. отд. при Штабе Кавк. окр. подполк. Семен Эсадзе. - Тифлис : тип. Канцелярии наместника е. и. в. на Кавказе, 1913. - [2], 71 с.; 24.
Историческая записка об управлении Кавказом / Сост. ред. Воен.-ист. отд. Окр. штаба Семен Эсадзе. Т. 1-2. - Тифлис : тип. "Гуттенберг", 1907. - 2 т.; 26.
Штурм Гуниба и пленение Шамиля : Ист. очерк Кавк.-гор. войны в Чечне и Дагестане / Сост. ред. Воен.-ист. отд. подполк. Семен Эсадзе. - Тифлис : Воен.-ист. отд., 1909. - [6], II, 208, 4 с.; 25.
Покорение Западного Кавказа и окончание Кавказской войны : Ист. очерк Кавк. гор. войны в Закубан. крае и Черноморск. побережье / Сост. нач. Воен.-ист. отд. полк. Семен Эсадзе. - Тифлис : тип. Штаба Кав. воен. окр., 1914. - [16], 182 с., 1 л. карт. : ил.; 25.
Тверские драгуны на Кавказе Восточная война 1854-1856 / Сост. Борис и Семен Эсадзе; Под ред. ген.-лейт. Чернявского; Воен.-ист. отд. - Тифлис : тип. Канц. главноначальствующего гражд. ч. на Кавказе, 1898. - [2], VI, 234 с., 17 л. ил., карт.; 30.
Историческая записка об управлении Кавказом / Сост. ред. Воен.-ист. отд. Окр. штаба Семен Эсадзе. Т. 1-2. - Тифлис : тип. "Гуттенберг", 1907. - 2 т.; 26. Т. 2. - [2], VI, 310, 246 с
Историческая записка об управлении Кавказом / Сост. ред. Воен.-ист. отд. Окр. штаба Семен Эсадзе. Т. 1-2. - Тифлис : тип. "Гуттенберг", 1907. - 2 т.; 26. Т. 1. - [6], VI, 616 с
Покорение Западного Кавказа и окончание кавказской войны : Ист. очерк кавк.-горской войны в Закубан. крае и Черномор. побережье : [К 50-летию окончания войны, 21 V 1864-1914] / Сост. С. Эсадзе; [Авт. предисл. К. Ачмиз]. - Майкоп : Меоты, 1993. - 119,[1] с.; 20 см.
ლიტერატურა
ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 138, თბ., 1994.