სარიყამიშის ტბა (თურქმ. Sarygamyş köli; უზბეკ. Sariqamish ko‘li) — გაუდინარი მწარე-მლაშე ტბა თურქმენეთსა და უზბეკეთში. მდებარეობს სარიყამიშის ქვაბულის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 5 მ-ზე, დაახლოებით კასპიისა და არალის ზღვებს შორის. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი უზბეკეთს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი თურქმენეთშია. ტბის ფართობი ცვალებადია და დამოკიდებულია ხორეზმის ოაზისიდან მომდინარე კოლექტორულ წყლებზე.[1]
1977 წლისთვის ტბის ზედაპირის ფართობი შეადგენდა დაახლოებით 1500 კმ²-ს, მარილიანობა დაახლოებით 7 ‰-ს, ყოველწლიურად ტბაში ჩადიოდა 4 კმ³-მდე წყალი.[2] 1985 წლისთვის ტბის ზედაპირის ფართობი გაიზარდა 3200 კმ²-მდე. როდესაც დამყარდა შედარებით მუდმივი წყლის დონე, მარილიანობა გაიზარდა და მიაღწია 15–20 ‰-ს.[1]
ტბა გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 100–120 კმ, ხოლო სიგანე 30–40 კმ აღწევს. საშუალო სიღრმეა 8,2 მ. სიღრმე მატულობს აღმოსავლეთ ნაპირისაკენ. ტბას აქვს ციცაბო დასავლეთი ნაპირი. აღმოსავლეთიდან ერთვის არხი-კოლექტორი. აღმოსავლეთ ნაპირზეა მინერალური თერმული წყლების წყარო.[1]
ტბაში არის თევზი, მათ შორის კობრი, ლოქო და გველთავა. განვითარებულია თევზჭერა. სახელწოდება „სარიყამიში“ თურქული წარმოშობისაა და აღნიშნავს „ყვითელ ლელქაშს, ლერწამს“.[3]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 Сариқамиш кўли — Национальная энциклопедия Узбекистана (узб.). — Ташкент, 2000—2005.
- ↑ Григорович Н. Солнце и вода, земля и соль // Наука и жизнь. — 1977. — № 8. — С. 68—69.
- ↑ Мурзаев Э. М. Средняя Азия. — Москва: Государственное издательство географической литературы, 1957. — С. 252.