პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (რუს.: Музей изобразительных искусств им. А.С. Пушкина) ევროპული ხელოვნების უდიდესი მუზეუმია მოსკოვში, მდებარეობს ვოლხონკას ქუჩაზე, მაცხოვრის საკათედრო ტაძრის პირდაპირ.
მუზეუმის სახელმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ, ვინაიდან მას განთქმულ რუს პოეტთან კავშირი არ აქვს. გაცილებით უპრიანი იქნებოდა მუზეუმს მისი დამაარსებლის პროფესორი ივან ცვეტაევის (პოეტი მარინა ცვეტაევას მამა) სახელი რქმეოდა. ცვეტაევმა დაიყოლია ახალგაზრდა მილიონერი იური ნეჩაევ-მალცევი და იმ დროისთვის მოდური არქიტექტორი რომან კლაინი მოსკოვისთვის სახვითი ხელოვნების მუზეუმი შეექმნათ.
კლაინისა და შუხოვის პროექტითა და მალცევის დაფინანსებით მუზეუმის შენობა 1898-1912 წლებში აშენდა. ცვეტაევის ოცნება 1912 წლის მაისში ასრულდა, როდესაც მუზეუმის კარი საზოგადოებისთვის გაიხსნა. მისი პირველი გამოფენა უძველესი ქანდაკებების ასლებისგან შედგებოდა, რომელიც უმეტესწილად საგანმანათლებლო დანიშნულებას ატარებდა. ერთადერთი ნამდვილი ძველი ნივთი - მოსკოვის მათემატიკური პაპირუსი და უნუამუნის ისტორია - სამი წლით ადრე ვლადიმირ გოლენიშჩევმა უსახსოვრა მუზეუმს.
1918 წელს რუსეთის დედაქალაქის მოსკოვში გადმოტანის შემდეგ საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა სანქტ-პეტერბურგისერმიტაჟის მუზეუმიდან ათასობით ექსპონატი ახალ დედაქალაქში გადმოეტანა. ამ ფერწერულმა ტილოებმა შექმნა პუშკინის მუზეუმის დასავლური ხელოვნების კოლექციების ბირთვი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფერწერული ტილოები მოგვიანებით იქნა გადმოტანილი ახალი დასავლური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან. მათ შორის იყო იმპრესიონისტთა და პოსტ-იმპრესიონისტთა ნამუშევრების ნაკრები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ვან გოგის, გოგენის, პიკასოსა და მატისის ქმნილებები.