ნანა იოსელიანი (დ. 12 თებერვალი, 1962, თბილისი) — ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი (1993). ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი ქალთა შორის. 2003 წლიდან აღარ იღებს მონაწილეობას ოფიციალურ ტურნირებში.
კარიერა
იოსელიანმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საჭადრაკო ოლიმპიადებზე, გუნდური ჩათვლით ის ხუთჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1980 და 1982 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრებში, 1992, 1994 და 1996 წლებში კი — საქართველოს ნაკრებში), თითოჯერ კი მეორე (2002) და მესამე (1998) პრიზიორი შეიქნა.
ნანა ასევე საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1981, 82, 86, 87) და გოგონებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონია (1978, 79). 2001 წელს გახდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.
საჭადრაკო კარიერის გარდა, ნანამ სამსახიობო ნიჭითაც დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი, 1978 წელს ბაადურ წულაძის მიერ გადაღებულ ახალგაზრდულ კომედიაში „შესვენება“.
1994 წლის შემდეგ ძირითადად ცხოვრობს პრაღაში, დაქორწინებული იყო ყოფილ საბჭოთა პარტიულ მოღვაწესა და მეწარმე გურამ მგელაძეზე. ჰყავს ქალიშვილი ნინო.[1]
პერიოდიკა
- გიორგაძე, თ., ნანა იოსელიანი — ევროპის ჩემპიონი // „ლელო“, 2 თებერვალი, 1978, № 24 (6089), გვ. 1.
- საქართველოს სპორტკომიტეტში // „ლელო“, 20 აპრილი, 1983, № 76 (7387), გვ. 1.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო