მელანჟი (ფრანგ.Mélange — ნარევი) — განსაკუთრებული გეოლოგიური ფორმაცია — სხვადასხვა შედგენილობის ქანების კომპლექსი; თავისებური ჭრელი ბრექჩიების ხანგრძლივი განვითარების რთული ზონები. მელანჟის ზონის ჩამოქცეული და ჩამოქცეულ-მეწყრული ლოდა ბრექჩიები თავდაპირველად ილექებოდა ზღვიურ პირობებში, შედარებით ღრმაწყლიან ჩანაზნექებში, შემოსაზღვრული რღვევებით. მელანჟის შემადგენლობაში შედის ტუფები და დიაბაზური შედგენილობის ვულკანიტები, ჰიპერბაზიტები (და სერპენტინიტი), წითელი იასპები — რადიოლარიტები, კირქვის ლოდები და ლინზები და სხვა. ქანების ნატეხებისა და ლოდების განლაგება მელანჟის შემადგენლობაში ჩვეულებრივ ქაოსურია.
წარმოიქმნება შარიაჟების ფორმირებისას. მელანჟის ზონები შეზღუდულია ნაოჭა სარტყლების განაპირა მსხვილ და ღრმა რღვევებთან.