მარია მიტჩელი დაიბადა 1818 წლის 1 აგვისტოს, ნანტაკეტში, მასაჩუსეტსი. იგი პიტერ და მერი მორილ ფოლჯერების შთამომავალი და მათი მეშვეობით, ბენჯამინ ფრანკლინის ბიძაშვილი იყო. მარიას ცხრა და-ძმა ჰყავდა. მისი მშობლები, უილიამ და ლიდია მიტჩელები, კვაკერები იყვნენ. იგი იმ საზოგადოებაში დაიბადა, სადაც სხვებისგან განსხვავებით, მხარს უჭერდნენ ქალთა თანასწორუფლებიანობას. მარიას მშობლები, მსგავსად სხვა კვაკერებისა, აფასებდნენ განათლებას და მიიჩნევდნენ, რომ მასაც ჰქონდა განათლების მიღების ისეთივე უფლება, როგორიც ბიჭებს. კვაკერების ერთ-ერთი პრინციპი, სქესებს შორის ინტელექტუალური თანასწორობა იყო[18].
ბავშვობის ადრეულ წლებში ელისაბედ გარდენერის მცირე სკოლაში სწავლის შემდეგ, მარია მიტჩელმა ჩრდილოეთის გრამატიკულ სკოლაში დაიწყო სწავლა, სადაც, უილიამ მიტჩელი პირველი დირექტორი იყო. აღნიშნული სასწავლო დაწესებულების დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, როცა მარია 11 წლის იყო, მისმა მამამ, ჰოვარდის ქუჩაზე საკუთარი სკოლა ააშენა, სადაც, იგი მოსწავლე და ამასთანავე, მამის სასწავლო ასისტენტი იყო. სახლში, უილიამი საკუთარი ტელესკოპის მეშვეობით, მარიას ასტრონომიას ასწავლიდა[19]. 12.5 წლის ასაკში, იგი მზის რკალისებრი დაბნელების ზუსტი თარიღის გამოთვლაში დაეხმარა მამას[20].
უილიამის სკოლა დაიხურა და შემდგომ, მარია მიტჩელი, კირუს პირსის გოგონათა სკოლაში სწავლობდა. მოგვიანებით, იგი პირსის სასწავლო ასისტენტად მუშაობდა, 1835 წელს კი — საკუთარი სკოლა გახსნა. მარიამ გადაწყვიტა, რომ თავის სკოლაში, სწავლა ფერადკანიანი ბავშვებისთვისაც ყოფილიყო ნებადართული. აღსანიშნავია, რომ ეს ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც, საჯარო სკოლები სეგრეგაციის მომხრენი იყვნენ[21]. ერთი წლის შემდეგ, მას Nantucket Atheneum-ში პირველი ბიბლიოთეკარის თანამდებობა შესთავაზეს, სადაც, იგი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა[22].
მის მიტჩელის კომეტის აღმოჩენა
ტელესკოპის გამოყენებით, 1847 წლის 1 ოქტომბერს, მან კომეტა 1847 VI (თანამედროვე აღნიშვნებით C/1847 T1) აღმოაჩინა[23], რომელსაც მის მიტჩელის კომეტა უწოდეს. რამდენიმე წლით ადრე, დანიის მეფემ — ფრედერიკ VI-მ, თითოეული „ტელესკოპური კომეტის“ (შეუიარაღებელი თვალით მკრთალად ხილვადი) აღმომჩენისთვის, ოქროს მედალი დააწესა ჯილდოდ. იგი გადაეცემოდა თითოეული ასეთი კომეტის პირველ აღმომჩენს (აღსანიშნავია, რომ ხშირად, კომეტებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთზე მეტი ადამიანი აღმოაჩენს). მარია მიტჩელი, ჯილდოს ერთ-ერთი ლაურეატი გახდა, რამაც, საერთაშორისო აღიარება მოუტანა მით უმეტეს იმიტომ, რომ მიტჩელამდე, მხოლოდ კაროლინა ჰერშელი და მარია მარგარეტ კირჩი იყვნენ კომეტის აღმომჩენი ქალი ასტრონომები.
არსებობდა მარია მიტჩელის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენების დროებითი მცდელობა, რადგან ფრანჩესკო დე ვიკომ, მარიასგან დამოუკიდებლად, ორი დღის შემდეგ აღმოაჩინა იგივე კომეტა, თუმცა, ევროპის ხელისუფლებას პირველმა შეატყობინა აღმოჩენის შესახებ. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება მიტჩელის სასარგებლოდ მიიღეს და 1848 წელს, მას დანიის შემდგომმა მეფემ, კრისტიან VIII-მ გადასცა ჯილდო[24].
აკადემიური მიღწევები
1848 წელს, მარია მიტჩელი პირველი ქალი გახდა, რომელიც ამერიკის ხელოვნების და მეცნიერებათა აკადემიის[25] და 1850 წელს, ამერიკის მეცნიერებათა განვითარების ასოციაციის წევრად აირჩიეს[26]. იგი აგრეთვე პირველი ქალი იყო, რომელიც ამერიკის ფილოსოფიის საზოგადოების წევრი გახდა. მოგვიანებით, მიტჩელი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ობსერვატორიაში მუშაობდა, სადაც, ვენერას მდებარეობათა ცხრილებს ადგენდა. შემდგომ, მან იმოგზაურა ევროპაშინათანიელ ჰოთორნთან და მის ოჯახთან ერთად.
1865 წელს, იგი ვასარის კოლეჯში ასტრონომიის პროფესორი გახდა და ამავდროულად, პირველი ადამიანი, რომელიც აღნიშნულ ფაკულტეტზე დაინიშნა[27]. ამასთანავე, იგი დასახელდა ვასარის კოლეჯის ობსერვატორიის დირექტორად. კოლეჯში, იგი 1888 წლამდე, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მუშაობდა[28].
ძალისხმევები
1842 წელს, მან მიატოვა კვაკერების რწმენა და უნიტარულ პრინციპებს მიჰყვა. მონობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის მიზნით, მან ბამბისგან დამზადებულ ტანსაცმელზე უარი თქვა. იგი ქალთა საარჩევნო უფლების დამცველი რამდენიმე ადამიანის მეგობარი იყო, მაგალითად, ელისაბედ კედი სტენტონის, რომელთან ერთადაც, ქალთა დაწინაურების ამერიკული ასოციაცია დააფუძნა.
პირადი ცხოვრება
მიტჩელი არასდროს ყოფილა ქორწინებაში, თუმცა, ცხოვრების მანძილზე, საკუთარ ოჯახთან კავშირი არ გაუწყვიტავს. მას შემდეგ, რაც 1888 წელს იგი ვასარის კოლეჯიდან პენსიაზე გავიდა, დასთან — ქეითთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ლინში, მასაჩუსეტში[29]. 1846 წლამდე, მისი პირადი დოკუმენტებიდან ძალიან ცოტაა შემორჩენილი. მიტჩელის ოჯახი მიიჩნევდა, რომ იგი მომსწრე იყო 1846 წლის დიდი ხანძრის, როდესაც ნანტაკეტელების პირადი საბუთები ქუჩაზე გაიფანტა და იმის გამო, რომ ხანძარი კვლავ მოსალოდნელი იყო, მან საკუთარი დოკუმენტები დაწვა, რათა მათი გავრცელებისთვის შეეშალა ხელი[30].
მემკვიდრეობა
გარდაიცვალა 1889 წლის 28 ივნისს, 70 წლის ასაკში, ლინში, მასაჩუსეტსი. ნანტაკეტში მდებარე ერთ-ერთ ობსერვატორიას, მის საპატივცემოდ, მარია მიტჩელის ობსერვატორია ეწოდება[31]. ობსერვატორია ნანტაკეტის მარია მიტჩელის ასოციაციის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს კუნძულზე მეცნიერებების შენარჩუნებას. იგი ხელმძღვანელობს ბუნებრივი ისტორიის მუზეუმს, მიტჩელის სახლ-მუზეუმს, მეცნიერების ბიბლიოთეკას და ობსერვატორიას. მეორე მსოფლიო ომში, ერთ-ერთ „ლიბერტი“ გემს, მისი სახელი — SS Maria Mitchell ეწოდებოდა. ნიუ-იორკის რკინიგზის ერთ-ერთ მატარებელს, მის საპატივცემოდ, „მარია მიტჩელის კომეტა“ ეწოდება. 2013 წლის 1 აგვისტოს, Google-ის საძიებო სისტემაში, გამოჩნდა ტელესკოპით კომეტებზე დამკვირვებელი მარია მიტჩელი[32][33][34].
M. W. Whitney, In Memoriam, (Poughkeepsie, N. Y., 1889)
M. K. Babbitt, Maria Mitchell as her students Knew her, (Poughkeepsie, N. Y., 1912)
Albers, Henry editor "Maria Mitchell, A Life in Journals and Letters" College Avenue Press, Clinton Corners, NY, 2001. (Henry Albers was the Fifth Maria Mitchell Professor of Astronomy at Vassar College.)
Torjesen, Elizabeth Fraser, Comet Over Nantucket: Maria Mitchell and Her Island: The Story of America's First Woman Astronomer, (Richmond, IN: Friends United Press, 1984)
Renée Bergland, Maria Mitchell and the Sexing of Science: An Astronomer Among the American Romantics, Beacon Press, Boston, 2008.
Wright, Helen, Sweeper in the Skies: The Life of Maria Mitchell, (College Avenue Press, Clinton Corners, NY, 1997. ISBN 1-883551-70-6. (Commemorative Edition of 1949 edition. Wright was born in Washington,DC and served as assistant in Astronomy Dept. at Vassar and later US Naval Observatory and Mt. Wilson Observatory.Wrote bios of Geo. Hale and Palomar Observatory & w. Harold Shapley co-ed of Treasury of Science)
↑ (2000) რედ. Marilyn Bailey Ogilvie, Joy Dorothy Harvey: The biographical dictionary of women in science: Vol. 2: L–Z. Taylor & Francis, გვ. 901. ISBN9780415920407. „Professional experience: Nantucket Atheneum, librarian (1836–1856)“