ლევ ბერგი

ლევ ბერგი
რუს. Лев Семёнович Берг
დაბ. თარიღი 2 (14) მარტი, 1876
დაბ. ადგილი ბენდერი
გარდ. თარიღი 24 დეკემბერი, 1950(1950-12-24)[1] [2] [3] [4] (74 წლის)
გარდ. ადგილი კომაროვო
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა ბიოლოგი, მკვლევარი, გეოგრაფი, ზოოლოგი და იქთიოლოგი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება[5] , რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტი[5] და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტი[5] [6]
ალმა-მატერი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[5] [6]
განთქმული მოსწავლეები ანატოლი ისაჩენკო
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი[6]
შვილ(ებ)ი რაისა ბერგი
ჯილდოები სტალინური პრემია[5] , შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „ლენინგრადის დაცვისათვის“, კონსტანტინეს მედალი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

ლევ ბერგი (რუს. Берг, Лев Семёнович; დ. 14 მარტი [ ძვ. სტ. 2 მარტი] 1876 — გ. 24 დეკემბერი, 1950) — საბჭოთა გეოგრაფი და ბიოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946; წევრ-კორესპონდენტი 1928 წლიდან), რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1934).

ბიოგრაფია

ლევ ბერგმა 1898 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1904–1913 წლებში მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიური მუზეუმის ზოოლოგი ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. 1914–1918 წლებში მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პროფესორი იქთიოლოგი. 1916 წლიდან პეტროგრადის უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის პროფესორი.

ლევ ბერგი გეოგრაფიული ინსტიტუტის შექმნის (1918) ერთ-ერთი ორგანიზატორია, რომელიც 1925 წელს გადეკეთდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის გეოგრაფიულ ფაკულტეტად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ფიზიკური გეოგრაფიის კათედრას. 1918-1930 წლებში ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ჰიდროლოგიური ინსტიტუტის ტბების განყოფილებას. 1934 წლიდან ზოოლოგიის ინსტიტუტის ნამარხი თევზების ლაბორატორიის გამგეა. 1940–1950 წლებში სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი.

1922 წელს წამოაყენა ევოლუციის იდეალისტური თეორია ნომოგენეზი, რომელიც მკაცრად იქნა გაკრიტიკებული. დაამუშავა მოძღვრება ლანდშაფტებზე, განავითარა ვასილი დოკუჩაევის იდეები ბუნებრივი ზონების შესახებ, რაც ასახულია მის ნაშრომებში „სსრ კავშირის ლანდშაფტურ-გეოგრაფიული ზონები“ (ნაწილი 1-2, 1931–1952) და „სსრ კავშირის ბუნება“ (1937). ბერგმა გამოიკვლია დასავლეთ ციმბირის ტბები, არალის ზღვა, ბალხაშის, ისიქ-ქოლის, სევანის, ლადოგის, ქოქჩეთაუს ტბები. ცალკეული ნაშრომები მიუძღვნა კასპიის ზღვასა და ბაიკალის ტბას. ბერგი ხელმძღვანელობდა ისიკ-ყულის ექსპედიციას (1928), რომელმაც დაადგინა ტბის მაქსიმალური სიღრმე — 702 მ. ავტორია მონოგრაფიისა „არალის ზღვა“ (1908), რის შემდეგად მიენიჭა გეოგრაფიის დოქტორის ხარისხი. აგრეთვე ეკუთვნის კაპიტალური ნაშრომები კლიმატოლოგიასა და პალეოკლიმატოლოგიაში, გეომორფოლოგიაში, ნიადაგთმცოდნეობაში, პალეოგეოგრაფიასა და გეოლოგიაში, ასევე გამოკვლევები გეოგრაფიის ისტორიაში. მუშაობდა რუსეთის გეოგრაფიის ისტორიის საკითხებზე. მისი შრომები შეეხება გეომორფოლოგიის პრობლემებს (ციმბირის, კავკასიის და სხვა რეგიონების რელიეფის საკითხები).

აღსანიშნავია ნაშრომები: „რუსეთის გეოგრაფიული მეცნიერების ისტორიული ნარკვევი“ (1929), „კამჩატკის აღმოჩენა და ბერინგის კამჩატკური ექსპედიციები“ (1924, მე-3 გამოცემა 1946) და სხვა. ბერგმა გამოიკვლია მტკნარი წყლის თევზების წარმოშობა და განსახლება, მოგვცა მათი ზოოგეოგრაფიული დარაიონება. შეისწავლა ნამარხი თევზები და დაამუშავა თევზების სისტემატიკა.

ბერგის მრავალრიცხოვან იქთიოლოგიურ ნაშრომთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონოგრაფიები: „რუსეთის მტკნარი წყლების თევზები“ (1916, მე-4 გამოცემა გამოვიდა სახელწოდებით „სსრ კავშირისა და მისი მოსაზღვრე ქვეყნების მტკნარი წყლების თევზები“, ნაწილი 1-3, 1948–1949) და „თანამედროვე და ნამარხი თევზების სისტემა“ (1940).

ბერგის სახელი ეწოდა ვულკანს კუნძულ ურუპზე, პიკს პამირზე, მყინვარებს პამირზე და ჯუნგარიის ალათაუზე და სხვა. დაჯილდოებულია სემიონოვ-ტიან-შანსკის ოქროს მედლით, კონსტანტინეს მედლით, აგრეთვე 2 ორდენითა და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

თხზულება

  • Избр. труды, т. 1-2, М., 1956-1958.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • Памяти академика Л. С. Берга. Сборник работ по географии и биологии, М.- Л., 1955;
  • Л. С. Берг. [Библиография], М., 1952 (Материалы к биобиблиографии учёных СССР. Серия географич. наук, в. 2).
  • Мурзаев Э. М. Лев Семенович Берг (1876-1950). — М., Наука, 1983. 176 с. (Серия: Научно-биографическая литература).

სქოლიო

  1. Encyclopædia Britannica
  2. SNAC — 2010.
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Плотников И. С., Смуров А. О., Аладин Н. В. Сотрудники Зоологического института РАН — исследователи биологического разнообразия и биологических ресурсов Аральского моря, Staff members of the Zoological Institute of the Russian Academy of Sciences, involved in the studies of the Aral Sea biological diversity and biological resources // Историко-биологические исследования — 2022. — Т. 14, вып. 2. — С. 73–93. — ISSN 2076-8176; 2500-1221doi:10.24412/2076-8176-2022-2-73-93
  6. 6.0 6.1 6.2 «Соблаговолите немедленно прибыть». Некоторые штрихи к биографии сэра Бориса П. Уварова (1886–1970) — русско-английского энтомолога, члена Королевского общества Великобритании (Материалы британского архива учёного)., «Deign to Arrive Immediately». Some Tweaks to the Biography of Sir Boris P. Uvarov (1886–1970) — Russian-English Entomologist, F.R.S. (Materials of the British Archive of the Scientist). // Историко-биологические исследования — 2019. — Т. 11, вып. 1. — С. 49–59. — ISSN 2076-8176; 2500-1221doi:10.24411/2076-8176-2019-11985