ლანაო — გამდინარე ტბა ფილიპინებზე, კუნძულ მინდანაოზე, სამხრეთი ლანაოს პროვინციაში. მდებარეობს ვულკანური მასივების დადაბლებაში, ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 340 კმ², საშუალო სიღრმე 60,3 მ, მაქსიმალური სიღრმე 112 მ. სიდიდით ფილიპინებზე მეორე ტბაა ლაგუნა-დე-ბაის შემდეგ. ნაპირები დაბალია, ბრტყელი, ადგილ-ადგილ დაჭაობებული. ერთვის ოთხი მდინარე. ტბიდან გამოედინება მდინარე აგუსი, რომელიც ერთვის მინდანაოს ზღვის ილიგანის უბეს. აგუსის სათავეებთან მდებარეობს ქალაქი მარავი. მდინარე აგუსის შუა დინებაში, მარია-კრისტინას ჩანჩქერთან გაშენებულია ჰესი. ლანაო გენეტიკურად რიფტული ტბაა. მდიდარია თევზით. მოიპოვება კობრისებრთა 18 ენდემური სახეობა. გაბატონებულია მებრინჯეობა. ტბის გარშემო ბევრია მუსლიმური სოფლები.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში