კორდილიერა-დე-მერიდა (ესპ. Cordillera de Mérida) — ქედი ანდებში, ვენესუელის დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კორდილიერების ჩრდილო-აღმოსავლეთ შტოქედი. მასივებისა და ქედების ერთობლიობაა. ვრცელდება ტაჩირის, მერიდის, ბარინასის, ტრუხილიოს, პორტუგესისა და ლარას შტატების ტერიტორიებზე.
სიგრძე დაახლოებით 400 კმ, სიმაღლე 4981 მ (ბოლივარის პიკი). აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზოური გრანიტებით, გნაისებით, ქვიშაქვებითა და ფიქლებით. ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით. ტაჩირის დეპრესია კორდილიერა-მერიდას გამოჰყოფს აღმოსავლეთ კორდილიერებისაგან, რომელიც აყალიბებს საზღვარს ვენესუელასა და კოლუმბიას შორის.
სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთები გადაკვეთილია მდინარე ორინოკოს შენაკადების ხეობებით. ჩრდილოეთ ქარპირა კალთები დაფარულია
მთის ჰილეით, მშრალი სამხრეთ კალთები და შიგა ხეობები — ქსეროფიტული ბუჩქნარითა და შერეული ტყით. 2800 მ
ზევით მაღალი მთის სტეპი და პარამოსია, 4600 მ-ზე მაღლა — მუდმივი თოვლი. ქედზე 5 მყინვარია.
ქედის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს ქალაქი ბარკისიმეტო და მდინარე კოხედესის ზემო წელი.
მასივის ცენტრში გაშენებულია ქალაქი მერიდა.
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა