გვარში 50-მდე (სხვა მონაცემებით 80-მდე) სახეობაა. გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში, აგრეთვე ტროპიკულ აფრიკის მთებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, მცირე ნაწილი — ამერიკაში. საქართველოში გვხვდება 15 სახეობა. იზრდება ჭაობებში, ტენიან და დაჩრდილულ ადგილებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, მდელოებზე. ზოგი სახეობა სარეველაა, ბევრი — დეკორატიული. საქართველოს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ფართოდ არის გავრცელებული ალპური კესანე (ლათ.Myosotis alpestris).
ქართლურად ეწოდება კონკიძველა; ზემოიმერულად – ციცინო; ქვემოიმერულად – ციცუნია, ჭორი; რაჭულად – თიკნიყურა; გურულად – ხასიათა; დავით ჩუბინაშვილს მოხსენიებული აქვს როგორც ბუსმიხაკა, თაგვისყურა.[1]