კენტავრი (ძვ. ბერძნ.Κένταυρος) ან ცენტავრი (ლათ.Centaurus), სიტყვებიდან კენტეინ ტავროს, „ხარის მკვლელი“, ან კენტორეს „მხედარი“, ან კენტეო — ჩხვლეტა, ცემა, განგმირვა — ბერძნულ მითოლოგიაშითესალიელ ცხენკაცთა მძლავრი მოდგმა, ტყისა და გამოქვაბულთა დემონები, ტყიურები, ურჩხულები („ფერეს“); ურჩხი და უხეში ქმნილებანი, რომელთაც ცხენის ტანი და ადამიანის თავ-მკერდი, ხელები და გონება აქვთ. ლაპითების ამ უნდო მეზობელთა სიტლანქე იმდენად აღიარებულია, რომ ძველ ბერძნულში შეიქმნა სიტყვა „კენტავრიკოს“ — კენტავრულად, ე. ი. უხეშად.[1]
წარმოშობის თეორიები
წარმოდგენა ამ არსებებზე შეიქმნა ალბათ უხეში თესალიური ტომის, ცხენდაცხენ მოთარაშე მეომარი ხალხის მაგალითზე, რომელიც „ცხენიდან არასოდეს ჩამოდიოდა“. თვით ბერძნები ცხენს მხოლოდ ეტლში შესაბმელად იყენებდნენ და პირველად რომ მხედრები ნახეს, ცხენ-კაცებად მიიღეს ალბათ. ჰომეროსი მათ ფერესს ან თერესს ეძახის.[2], მთის ბანჯგვლიან ბუმბერაზებს, ურჩხულებს, რომლებთან ბრძოლაც მხოლოდ კენევსის, თეზევსის, პოლიფემის მსგავს დევგმირთა თაობას შეეძლო.[3] ის იცნობს ველურ თესალიელებს (კენტავრ ევრიტიონს და სხვ.), მაგრამ საკუთრივ კენტავრებზე გარკვევით პინდარე ლაპარაკობს, როგორც ავხორც ცხენ-კაცებზე (ძვ. წ. 500). ეს ბანჯგვლიანი მთის ხალხი თავიდანვე ნადირთა სიხარბით ეტანება ღვინოს და ქალებს. ძველმა მხატვრებმაც ისე ასახეს, როგორც პინდარემ დაახასიათა.
ცხენ-კაცების მშობლებად ცნობილი არიან კადნიერი მეფე იქსიონი და ღრუბელთა ქალღმერთი ნეფელე, რომელიც ზევსმა შექმნა და შეატყუა ჰერას მაგიერ. იქსიონს ეგონა ჰერასთან იწვა, ღრუბელს კი ეხვეოდა. სხვა ვერსიით, კრონოსმა ულაყის სახე მიიღო, ფილირეს მიუდგა და ასე გაჩნდა ამ ორმაგი ბუნების ურჩხული.[4] პირველი კენტავრები ეტას (ოიტას) და პელიონის მთებში ცხოვრობდნენ, თესალიაში, მერე ლაპითებმა მათი დიდი ნაწილი გაჟლიტეს და გადარჩენილები ეპირის მხარეს განდევნეს.
განსაკუთრებით ცნობილი და „დამაჯერებელია“ კენტავრების და ლაპითების ომი, რაც გმირ პეირითოეს (პეირითოოსის) ქორწილში დაიწყო,[5] სადაც მთვრალმა კენტავრმა ევრიტიონმა სცადა პატარძლის გატაცება, მაგრამ თეზევსმა თუნგით თავი გაუხეთქა. კენტავრებისა და ლაპითების ბრძოლა ძველ პოეტთა და მხატვართა მომხიბლავი თემაა. ესაა კენტავრომაქია, რაც ცხენკაცთა დამარცხებით დამთავრდა. კენტავრო პოლემოს — იგივე კენტავრთა ომია.
ტლანქი მტაცებლების დაუღალავი მტერი იყო ჰერაკლე, „კენტავრთა მჟლეტელი“, თუმცა ბოლოს თვითონაც მათ იმსხვერპლეს. როცა მდინარეზე მგზავრთა გადამყვანი კენტავრი ნესოსი ჰერაკლეს ცოლის დეიანეირას გატაცებას შეეცადა, ჰერაკლემ ჰიდრის სისხლით მოწამლული ისრით მოკლა მტაცებელი. მერე ჰერაკლეს ერთგულებაში დაეჭვებულმა დეიანეირამ ნესოსის სისხლით გაჟღენთილი სამოსი გაუგზავნა ქმარს და ვერაგი კენტავრის რჩევამ გმირთაგმირს სიცოცხლე მოუსწრაფა. ჰერაკლემ გაფანტა თავის მეგობარ კენტავრ ფოლოსის გამოქვაბულთან საიერიშოდ მოზღვავებული კენტავრები და ჰიდრის სისხლით მოწამლული ისრით უცაბედად დაჭრა ერთადერთი უკვდავი კენტავრი, ბრძენი ქირონი, დიოსკურებისა და ამფიაროსის, იაზონისა და აქილევსის აღმზრდელი, რომელიც თავის დროზე ათენამ თმის კულულზე შეხებით მოათვინიერა და ველური ცხენკაცი ბრძენკაცად აქცია,[6] ბოლოს კი უკვდავება პრომეთეს გაუცვალა, ჰიდრის შხამით გამწარებულმა. იქვე დაიღუპა მეორე კეთილი კენტავრი ფოლოსი, რომელსაც უკვირდა, ამ პატარა ისრებით ჰერაკლე ბუმბერაზ კენტავრებს როგორ ხოცავსო, ერთი ისარი ჭრილობიდან ამოიღო, სინჯვა დაუწყო, დაუვარდა და ფეხში სასიკვდილოდ დაიჭრა. მხოლოდ ამ ორთან ჰქონდა თანხმობა ჰერაკლეს, დანარჩენებს კი სხვა დროსაც თავზარსა სცემდა და ხალხმა კიდეც დაუმკვიდრა კენტავრთა მჟლეტელს — „კენტავროფონოსის“ ზედწოდება.[7]
კენტავრები და დიონისე
ცხოველთა სამყაროსთან მსგავსებისა, ღვინის სიყვარულისა და ავხორცობისათვის კენტავრები მხიარულ სატირებთან ერთად დიონისე-ბაქკოსის თანამგზარებადაც ითვლებოდნენ. მშვიდობიანად დაჰყვებოდნენ ან ქნარს უკრავდნენ, ეროტებს და ფერიებს ეთამაშებოდნენ, ბაკქანტებითა და სატირებით გარემოცულნი.
ამ უსაქმურებს სულაც არა ჰგავას ხსენებული ქირონი — კრონოსისა და ფილირეს შვილი, სამართლიანი და ხელოვანი აღმზრდელი, რომელიც ზევსმა ვარსკსვლავეთში მოათავსა მშვილდოსნის სახით („კენტავრი“).
ბერძენთა მითოლოგიურ სამყაროში უფრო საოცარი არსებებიც არიან — იხთიოკენტავრები.[8]
ხელოვნებაში კენტავრების სახე მრავალგზის ასახულა, უფრო კი ლაპითებთან მათი ბრძოლის სცენები. კენტავრომაქიის კლასიკური ნიმუშია არკადიისფიგალეის (ბასეს) აპოლონის ტაძრის ფასადის რელიეფი. მოქანდაკეები კაცის ზედა ტანს უერთებდნენ ცხენის ტანს ან პირიქით.
კაცის და ცხენის ნარევი არსება უკვე ძველ ანტიკურ მხატვრებს იზიდავდა. ბერძნულ-რომაული ხელოვნების ნიმუშია ახალგაზრდა კენტავრი (რომი, ქანდაკება). მრავალგზის აუსახავთ თვით არაბებს და შუა ევროპის ხელოვანთ. აუგსბურგის ჭიშკრებზე გამოხატულ რქოსან, შემოსილ კენტავრს თავი მოუბრუნებია და ისარს სტყორცნის (XI ს.). აქ და სხვაგანაც გარკვეული კოსმოგონიური ვარაუდებია. ბოროტი სული, დემონი დასდევს ადამიანთა სულს, ასეა ასახული ფლორენციის ჯოჯოხეთის ფრესკებზე. ბოტიჩელის მიერ შექმნილ ტილოზე ველურ კენტავრს აშოშმინებს ათენა (მინერვა), სათნოება (1495, უფიცი). ხშირია მითურ გმირთა აღზრდის სცენები, დეიენირას გატაცება ნესოსის მიერ (გვიდო რენი, 1620, ლუვრი), ჰერაკლეს და ნესოსის (ნესუსის) ბრძოლა (მარმარილოს ჯგუფი, 1599, ფლორენცია), ჯამბოლონიას ნამუშევარი… ნესოსის, დეიენირას და ჰერაკლეს სიუჟეტი, რაც ოვიდიუსმა ფართოდ ასახა,[9]პომპეის ფრესკებზე დიდოსტატურადაა ასახული (ნესოსი სთხოვს ჰერაკლეს, მიმსახურეო).