კარელები (საკუთარი სახელწოდება კარიალა, კარ. karjalazet, karjalaizet, karjalažet) — ძირითადად კარელიის რესპუბლიკაში, აგრეთვე კალინინგრადის, ნოვგოროდის, ლენინგრადის, იაროსლავის და რუსეთის ზოგიერთ სხვა ოლქში მცხოვრები ხალხი. საერთო რაოდენობა რუსეთში 60 815 (2010, აღწერა), მ. შ. კარელიაში 45 570 კაცი. ცხოვრობენ აგრეთვე ფინეთში. ლაპარაკობენ კარელურ ენაზე. მნიშვნელოვანი ნაწილი კარელურის გარდა ლაპარაკობს რუსულ ენაზე, ზოგიერთი ფინურზეც. მორწმუნე კარელები მართლმადიდებლები არიან.[8]
კარელების ეთნოგენეზის საწყისი ეტაპი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დადგენილი. IX საუკუნეში მათი წინაპრები (კორელა) ცხოვრობდნენ ლადოგის ტბის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. XI–XII საუკუნეებში მათ აითვისეს თანამედროვე კარელიის ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი, შემდეგ კი დაიწყეს ჩრდილოეთით — თეთრი ზღვისაკენ და აღმოსავლეთით — ლადოგისა და ონეგის ტბებს შუა მდებარე რაიონებში გადასვლა და შეერივნენ იქ მოსახლე ვეფსების ნაწილს. კარელების კულტურულ ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს მათმა მეზობელმა რუსებმა. რუსულ წყაროებში პირველად იხსენიებიან 1143 წელს. ხალხის კონსოლიდაცია XII–XV საუკუნეებში რუსული სახელმწიფოს ფარგლებში მიმდინარეობდა.[8]
ძირითადი საქმიანობა ძველთაგანვე იყო მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ტყის რეწვა, თევზჭერა, ნადირობა. ხელოსნობიდან განსაკუთრებით განვითარებული იყო მჭედლობა. რუსეთის რევოლუციის შემდეგ მიიღეს ეროვნული ავტონომია — 1920 ივნისში შეიქმნა კარელების შრომითი კომუნა, რომელიც 1923 წელს კარელიის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გარდაიქმნა.[8] საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შენარჩუნდა ავტონომია და 1992 წლის კანონით დამტკიცდა სახელწოდება „კარელიის რესპუბლიკა“.[9]
სქოლიო