კამპანია (იტალ.Campagnia) — სასოფლო-სამეურნეო რეგიონი სამხრეთ იტალიაში. სახელი მომდინარეობს ლათინურიდან, რომაელებმა მას Campania felix (ბედნიერი მიწა) უწოდეს. მისი მოსახლეობა 5,8 მლნ ადამიანს შეადგენს და ამ მაჩვენებლით იტალიის მეორე ყველაზე ხალხმრავალი რეგიონია. მთლიანი ფართობი 13 590 კმ²-ია და წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს.[2] მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულზე, დასავლეთით გასასვლელი აქვს ტირენიის ზღვაზე. ადმინისტრაციულად მის დაქვემდებარებაში შედის ფლეგრინის კუნძულები და კუნძული კაპრი.
ხანგრძლივი ისტორიის მქონე კამპანია დასავლური ცივილიზაციის ცენტრში მდებარეობდა. პირველად მისი კოლონიზაცია ძველმა ბერძნებმა მოახდინეს და ის დიდი საბერძნეთის (Magna Græcia) შემადგენლობაში შედიოდა, სანამ მოძლიერდებოდა რომის რესპუბლიკა. რომაულ ხანაში ეს ტერიტორია იმპერატორების მიერ მაღალი კულტურის კერად მიიჩნეოდა, რადგან აქ თანაბრად იყო წარმოდგენილი როგორც ბერძნული, ისე რომაული კულტურები. შუა საუკუნეებში, ბიზანტიის იმპერიისა და ლომბარდიელების ხელში ამ არეალს გააჩნდა ბევრი საჰერცოგო და სათავადო.
რეგიონის დედაქალაქია ნეაპოლი. კამპანია მდიდარია თავისი კულტურით, განსაკუთრებით სამზარეულოთი, მუსიკით, არქიტექტურით, არქეოლოგიითა და ისეთი უძველესი ძეგლებით, როგორებიცაა პომპეი, ჰერკულანუმი და პესტუმი. ბუნებრივი ძეგლების სიმდიდრე კამპანიაში ტურისტული ინდუსტრიის წარმატებულ განვითარებას განაპირობებს, განსაკუთრებით ამალფის სანაპიროზე, ვეზუვის მთაზე და კუნძულ კაპრიზე.[3]