თურქესტანის ქედი — მაღალმთიანი განედური მიმართულების ქედი ჰისარ-ალაის სისტემაში, შუა აზიაში. განფენილია ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ტერიტორიებზე. სამხრეთით მდინარე ზარაფშანის ხეობით გამოყოფილია ზარაფშანის ქედისაგან. გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მათჩის სამთო კვანძიდან სამარყანდის ოაზისამდე დაახლოებით 340 კმ სიგრძეზე. სიმაღლე 5509 მ-მდე; უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში 5621 მ-მდე. ფერდობები დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებით. უმეტესწილად აგებულია ფიქლებითა და ქვიშაქვებით. თხემზე მთა-მყინვარული ფორმებია. გამყინვარება ძლიერ ქედის აღმოსავლეთ ნაწილშია გამოხატული. ჩრდილოეთ კალთაზე ღვიის ბუჩქნარი და ნათელი ტყეებია, სამხრეთ კალთაზე — მთის სტეპი, თხემზე — მუდმივი თოვლი და მყინვარები. თურქესტანის ქედზე, შაჰრისტანის უღელტეხილზე (3378 მ) გადის საავტომობილო გზატკეცილი დუშანბე–ხუჯანდი.
რესურსები ინტერნეტში