ვიტალი დარასელია უმცროსი (დ. 27 სექტემბერი, 1978, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი. კარიერა დაასრულა თბილისის „ლოკომოტივში“. იგი არის ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას ვაჟი.
კარიერა
კარიერა დაიწყო 1997 წელს ბათუმის „დინამოში“, იმავე წელს გადავიდა უკრაინაში, სადაც 2000 წლამდე ითამაშა კიევის „ცსკა“-ში. კიევში ჩატარებული ცუდი სეზონის შემდეგ, 2001 წელს გადავიდა ქართულ გიგანტ თბილისის „დინამოში“[1], რომელთან ერთადაც გახდა უმაღლესი ლიგისა და საქართველოს თასის გამარჯვებული. 2004 წლის თებერვალში კონტრაქტი გააფორმა ვლადიკავკაზის „ალანიასთან“[2], სადაც 2 სეზონი გაატარა. 2005–06 წლების სეზონში დაბრუნდა „დინამოში“ და კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ამ კლუბში გაატარა, მაშინ მეორე წრიდან გუნდს სათავეში ხორვატი ივო შუშაკი ჩაუდგა, რომელთან ერთადაც გუნდმა ჩემპიონის ოქროს მედლები დაიბრუნა, მოიგო საქართველოს თასი, 2004 წელს კი თანამეგობრობის თასი და ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად და დამაჯერებლად გააკეთა.[3] 2006 წლის აგვისტოში გადავიდა ყაზახურ ყარაღანდას „შახტიორში“.[4][5] 2007 წლის დაბრუნდა საქართველოში და თამაში ბოლნისის „სიონში“ განაგრძო.[6] 2007–08 წლების სეზონში ითამაშა კიშინიოვის „დაჩიაში“, 2008 წლიდან კი თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, სანამ 2009 წლის იანვარში ქრონიკული ტრავმის მომიზეზებით გუნდიდან წავიდა და კარიერაც დაასრულა.
ეროვნულ ნაკრებში პირველად 2002 წელს გამოიძახეს, სადაც 2005 წლამდე 10 მატჩის ჩატარება მოასწრო.
კარიერის შემდეგ მოსკოვში დასახლდა და ფეხბურთს გასართობად თამაშობდა. 33 წლის ასაკში ფუტსალში რუსეთის ჩემპიონატის მონაწილე მოსკოვის „ტორპედოში“ ჩაირიცხა. ოღონდ ეს გუნდი არა კლასიკური, არამედ 8/8-ზე ფუტსალის ჩემპიონატში მონაწილეობდა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო