ვისბადენი (გერმ.Wiesbaden) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, ჰესენის ფედერალური მხარის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 275 976 ადამიანს შეადგენს. ქალაქ მაინის ფრანკფურტსა და მაინცთან ერთად მიეკუთვნება ფრანკფურტ-რაინ-მაინის რეგიონს — მეტროპოლიურ არეალს, რომლის მოსახლეობაც 5,8 მილიონს ითვლის.
ვისბადენი ევროპის ერთ-ერთი უძველესი საკურორტო ქალაქია. მისი სახელი ითარგმნება როგორც „მდელოს აბაზანა“, რაც ხაზს უსვამს მის ცხელ წყაროებს. ერთ დროს, ვისბადენი 27 ცხელი წყაროთი ამაყობდა. მათგან დღეისათვის თხუთმეტია დარჩენილი.[2]
გეოგრაფია
ვისბადენი მდინარე რაინის ჩრდილოეთ ნაპირზეა გაშენებული, იქ, სადაც მდინარე მაინი რაინს უერთდება. რაინის მეორე მხარეს ქალაქი მაინცია გაშენებული. ეს ორი ქალაქი ისტორიულად ურბანული მეტოქეები იყვნენ. მაინცი ცნობილია, როგორც კათოლიკური ცენტრი კონსერვატიული ადათებით, ვისბადენი კი როგორც დემოკრატიული ქალაქი-კურორტი, სადაც პროტესტანტები სჭარბობდნენ.