1995 წლის არჩევნებში პარტიამ 14,2 %-ით აჩვენა მესამე შედეგი და მიიღო 16 მანდატი. შევიდა მმართველ კოალიციაში და ედგარ სავისაარმა დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოლო პეეტერ კრეიცბერგმა – განათლების მინისტრის თანამდებობა. „ფირების სკანდალის“ შემდეგ (სხვადასხვა პოლიტიკოსების საუბრების ფარული ჩაწერა), რომელშიც ჩართული იყო სავისაარი, პარტია გადავიდა ოპოზიციაში. პარტიის იმედგაცრუებულმა წევრებმა დააარსეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება, ცენტრისტული პარტია კი 2001 წლამდე პოლიტიკურ იზოლაციაში დარჩა.
1999 წლის არჩევნებზე პარტიამ 23,4 %-ით აჩვენა პირველი შედეგი და პარლამენტში დაიკავა 28 ადგილი.
2000-იანი წლები
2001 წელს პეტერ კრეიცბერგი წარდგენილი იყო საპრეზიდენტო კანდიდატად (წარუმატებლად), ედგარ სავისაარი კი აირჩიეს ტალინის მერად. 2002 წელს რეფორმების პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა მმართველი კოალიცია. სვენ მიკსერი გახდა თავდაცვის მინისტრი. კოალიციის ერთიანობა შენარჩუნდა 2003 წლის არჩევნებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე პარტიამ მიიღო ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა (25,4 %) იგი ოპოზიციაში დარჩა 2005 წლამდე, სანამ არ დაიშალა იუჰან პარტსის კოალიციური მთავრობა.
2003 წელს პარტიულ ყრილობაზე გადაწყვიტეს, რომ მხარი არ დაეჭირათ ესტონეთისევროკავშირში გაწევრიანებისათვის. წევრთა უმეტესობამ დატოვა პარტიის რიგები და ჩამოაყალიბეს სოციალ-ლიბერალური გაერთიანება, წევრთა ნაწილი შეუერთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ნაწილი კი რეფორმის პარტიას.
2004 წლის მაისში ედგარ სავისაარი უნდობლობის ვოტუმის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა ტალინის მერის თანამდებობა. ამავე წელს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღო ხმების 17,5 % და პარლამენტში გაიყვანა ერთი დეპუტატი – სიირი ოვიირი.
2005 წელს ცენტრისტული პარტია კვლავ მმართველ კოლაიციაშია სახალხო კავშირთან და რეფორმის პარტიასთან ერთად. პარლამენტში დაიკავა 19 მანდატი, ხოლო მთავრობაში 5 პორტფელი. ეს კოალიცია არსებობდა 2007 წლამდე. 2007 წელს არჩევნებში მიღებული მეორე შედეგის მიუხედავად (26,1 % – 29 მანდატი) ოპოზიციაში დარჩა.