ერწო-წონის ქვაბული — ტექტონიკურ-ეროზიული ქვაბული მდინარე ყვირილის სათავეში, რაჭისა და ლიხის ქედების შესაყართან.[1]
შედგება ორი ტაფობისაგან: სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს წონის ტაფობი, რომლის სიგრძეა 3 კმ, სიგანე 400–800 მ. ფსკერი ზღვის დონიდან 1760 მ სიმაღლეზეა. ტაფობის ძირზე გაედინება მდინარე წონისწყალი (ყვირილის ერთ-ერთი მდგენელი). ტაფობის ცენტრალურ ნაწილში ალაგ-ალაგ ტორფიანი ჭაობებია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ერწოს ტაფობი, რომლის სიგრძეა 2,5 კმ, სიგანე 1000–1200 მ, ფსკერი კი ზღვის დონიდან 1711 მ სიმაღლეზეა. ქვაბული ალაგ-ალაგ დაჭაობებულია. მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია ერწოს ტბა. ერწო-წონის ქვაბულში არის ცარცული კირქვების იზოლირებული უბნები, რომლებთანაც დაკავშირებულია კარსტული წარმონაქმნები (წონის მღვიმე და სხვა).[2]
სქოლიო