ენ რაისი (ინგლ. Anne Rice; დ. 1941, 4 ოქტომბერი, ახალი ორლეანი, ლუიზიანა, ამერიკის შეერთებული შტატები – გ. 2021, 11 დეკემბერი, რანჩო-მირაჟი, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი მწერალი და გოტიკის ჟანრის დედოფლად წოდებული ავტორი. ენ რაისი თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. მწერალი ავტორი იყო არაერთი გოტიკური ჟანრის წიგნების სერიისა. მათგან ყველაზე ცნობილი ვამპირის ქრონიკებია, რომელიც ათზე მეტ წიგნს აერთიანებს. სერიის ორი ყველაზე ცნობილი რომანი, „ინტერვიუ ვამპირთან“ და „დაწყევლილების დედოფალი“, ჰოლივუდმა ფილმებადაც გადაიღო.[18]
რაისის ყველაზე ცნობილი წიგნი „ინტერვიუ ვამპირთან“ 1976 წელს გამოვიდა და ბესტსელერად იქცა. 1994 წელს მაყურებელმა ნაწარმოების ეკრანიზაციაც იხილა. ფილმში ტომ კრუზი და ბრედ პიტი თამაშობენ.
გარდა ჟანრული პროზისა, რომელიც ვამპირებზე, მაქციებზე და ჯადოქრებზე შექმნილ წიგნებს მოიცავს, ენ რაისის შემოქმედება აერთიანებდა მრავალფეროვან ნაშრომებს, მათ შორის, ეროტიკული და რელიგიური ჟანრის ტექსტებსაც. ჟანრული განსხვავებების მიუხედავად, მწერლის რომანებში ეგზისტენციალური ფილოსოფიის გავლენა იგრძნობა. მისი პერსონაჟები, მათ შორის ღამეული ურჩხულები, მარადიულ შეკითხვებზე დაეძებენ პასუხს.[18]
სამწერლობო შემოქმედების დაწყება პირველი შვილის, მიშელის, 6 წლის ასაკში ლეიკემიით დაღუპვის გლოვამ განაპირობა.[18] სიცოცხლის განმავლობაში, რაისმა 150 მილიონზე მეტი წიგნი გაყიდა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო