აბულ გაზი სულთან ელქას მირზა (სპარს. ابوالقاسم قاضی سلطان آل قصبه میرزا, დ. 15 მარტი, 1516 ― გ. 9 აპრილი, 1550) ― სეფიანი უფლისწული, ისმაილ I-ის მეორე ძე, თამაზ I-ის უმცროსი ძმა.
ბიოგრაფია
აღიზარდა თავრიზში. 1532 წელს მისმა ძმამ, შაჰ-თამაზმა აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა და ელქას მირზა დანიშნა ასტრაბადის გამგებლად. 1538 წელს ძმის დავალებით აიღო შირვანი და სწორედ მის მმართველად დაინიშნა. პარალელურად ეკავა დერბენტის ბეგლარბეგის თანამდებობა. შაჰ-თამაზის საქართველოში მეორე ლაშქრობის დროს დაევალა ჩერქეზების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელშიც ის სასტიკად დამარცხდა.
ელქას მირზა დერბენტში ყოფნის დროს აჯანყდა და თავი შაჰად გამოაცხადა, მაგრამ მისმა ძმამ საქართველოდან დერბენტში მალევე გადაინაცვლა და ელქას მირზას მოუწია ყირიმში გაქცევა, იქიდან კი ჩავიდა ოსმალეთში და ტახტზე ასასვლელად დახმარება სულეიმან I-ს სთხოვა. მან მიიღო სუნიტური ისლამი და სულთანს ირანის სუნიზმზე მოქცევასა და ერაყის გადაცემას დაჰპირდა.
მან დაიწყო ბრძოლა სეფიანების წინააღმდეგ, უხელმძღვანელა ოსმალთა არმიას 1548-1550 წლის კამპანიის დროს, რომელშიც წარმატებას ვერ მიაღწია და თავის ძმას ტყვედ ჩაუვარდა. 1550 წლის 9 აპრილს, შაჰის ბრძანებით ელქას მირზა თავის ვაჟებთან ერთად ყაჰყაჰის ციხე-სიმაგრეში სიკვდილით დასაჯეს.
წყარო