ეთელ კენედი (ინგლ.Ethel Kennedy; დ. 11 აპრილი, 1928 — გ. 10 ოქტომბერი, 2024) — ამერიკელი ადამიანის უფლებების დამცველი. ამერიკელი სენატორის რობერტ ფ. კენედის ქვრივი, პრეზიდენტ ჯონ კენედის რძალი და ჯორჯ სკაკელისა და ენ ბრანაკის მეექვსე შვილი. 1968 წელს ქმრის მკვლელობიდან მალევე, კენედიმ დააარსა რობერტ ფ. კენედის იუსტიციისა და ადამიანის უფლებების ცენტრი, რომელიც არის არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია. 2014 წელს ეთელ კენედი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამთავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.
ადრეული ცხოვრება და განათლება
ეთელ სკაკელი დაიბადა ჩიკაგოში ბიზნესმენ ჯორჯ სკაკელისა და მდივნის ენ ბრანაკის ოჯახში. მისი მშობლები დაიღუპნენ 1955 წელს ავიაკატასტროფაში. [1] ის არის სკაკელების ოთხი ქალიშვილიდან მესამე და შვიდიდან მეექვსე შვილი, ჰყავს ხუთი უფროსი და-ძმა, ჯორჯანი, ჯეიმსი, ჯორჯ უმცროსი, რაშტონი და პატრიცია და ერთი უმცროსი და, ენი. მამამისი ჯორჯი იყო ჰოლანდიური წარმოშობის პროტესტანტი [2], ხოლო ენი იყო ირლანდიური წარმოშობის კათოლიკე. ეთელი და მისი და-ძმები კათოლიკეებად იზრდებოდნენ გრინვიჩში, კონექტიკუტში. ჯორჯ სკაკელი იყო Great Lakes Carbon Corporation-ის დამფუძნებელი. ეთელი დადიოდა გრინვიჩის გოგონების აკადემიაში და დაამთავრა წმინდა გულის მონასტერი მანჰეტენში, 1945 წელს.
1945 წლის სექტემბერში სკაკელმა დაიწყო მანჰეტენვილის კოლეჯში სწავლა, სადაც იყო მომავალი რძლის ჟან კენედის კლასელი. [3] ეთელი პირველად შეხვდა ჟანის ძმას, რობერტ კენედის, 1945 წლის დეკემბერში კვებეკში, სათხილამურო მოგზაურობის დროს, მოგზაურობის დროს რობერტ კენედიმ დაიწყო ურთიერთობა ეთელის უფროს დასთან, პატრიციასთან. ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ, მან დაიწყო შეხვედრა ეთელთან. კამპანია ჩაატარა რობერტის უფროსი ძმის, ჯონ კენედის სასარგებლოდ. ასევე დაწერა თავისი კოლეჯის დისერტაცია ჯონის წიგნზე, რატომ ეძინა ინგლისს. [4] სკაკელმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი მანჰეტენვილში 1949 წელს [5][6]
ქორწინება და ოჯახი
რობერტ კენედი და ეთელ სკაკელი დაინიშნენ 1950 წლის თებერვალში და დაქორწინდნენ 1950 წლის 17 ივნისს, წმინდა მარიამის კათოლიკურ ეკლესიაში გრინვიჩში, კონექტიკუტი. [7]
1950-იან წლებში რობერტ ფ. კენედი მუშაობდა ფედერალურ მთავრობაში, შეერთებული შტატების სენატში, როგორც მრჩეველი. [8] კენედებმა რობერტის ძმის, ჯონისა და მისი მეუღლის, ჟაკლინისგან, იყიდეს ვილა ჰიკორი ჰილი, მაკლინში, ვირჯინიაში. [9] რობერტმა და ეთელ კენედიმ მრავალი შეკრება გამართეს საკუთარ სახლში და ცნობილნი იყვნენ სტუმრების შთამბეჭდავი და ეკლექტიკური სიებით. [10]
1962 წელს პრეზიდენტმა კენედიმ ეთელსა და რობერტს დაავალა თოთხმეტი ქვეყნის მონახულება 28-დღიანი მოგზაურობის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა არაფორმალური იყო, მასპინძელი ქვეყნები მას და რობერტს განიხილავდნენ, როგორც პრეზიდენტისა და პირველი ლედის მხარდამჭერებს. [11]
1963 წლის 22 ნოემბერს ეთელმა ქმრისგან შეიტყო პრეზიდენტ კენედის მკვლელობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ეთელი განადგურებული იყო მკვლელობის შედეგად და წუხდა დისშვილისა და ძმისშვილის გამო. [12]
რობერტ კენედის მკვლელობა
1968 წლის 5 ივნისს, შუაღამის შემდეგ, რობერტ ფ. კენედი სასიკვდილოდ დაჭრა სირჰან სირჰანმა და მეორე დღესვე გარდაიცვალა. აშშ-ს პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა 5 ივნისი გლოვის დღე გამოაცხადა. ეთელმა ჯონსონს წერილი გაუგზავნა 19 ივნისს, სადაც მადლობა გადაუხადა მას და მის მეუღლეს, პირველლედი ბერდ ჯონსონს, გაწეული დახმარებისთვის. ქმრის მკვლელობის შემდეგ ეთელ კენედიმ საჯაროდ განაცხადა, რომ აღარასოდეს დაქორწინდებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას სადილებზე, წვეულებებზე და თეატრში თან ახლდა მომღერალი და ოჯახის მეგობარი ენდი უილიამსი.
ბავშვები
რობერტსა და ეთელ კენედის 18 წლიანი ქორწინების პერიოდში ეყოლათ თერთმეტი შვილი: კეტლინი, ჯოზეფი, რობერტ უმცროსი, დევიდი, კორტნი, მაიკლი, კერი, კრისტოფერი, მაქსი, დუგლასი და რორი. რორი დაიბადა მას შემდეგ, რაც სენატორი კენედი მოკლეს. [13] კეტლინი მსახურობდა მერილენდის გუბერნატორის ლეიტენანტად 1995 წლიდან 2003 წლამდე, ხოლო ჯოზეფი იყო აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრი 1987 წლიდან 1999 წლამდე.
მოგვიანებით ცხოვრება
კენედიმ ვილა ჰიკორი ჰილი 8,25 მილიონ დოლარად გაყიდა 2009 წლის დეკემბერში. [14][15]
2008 წლის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეთელ კენედიმ მხარი დაუჭირა ბარაკ ობამას. [16] კენედიმ 2008 წლის ივნისში ჰიკორი ჰილზე 6 მილიონიანი დოლარის ოდენობის სადილზე ბარაკ ობამას უმასპინძლა.
2012 წელს კენედი გამოჩნდა დოკუმენტურ ფილმში; დოკუმენტური ფილმის რეჟისორი მისი უმცროსი შვილი, ქალიშვილი რორი იყო. ფილმი, სახელწოდებით ეთელი, ასახავს კენედის ადრეულ პოლიტიკურ ჩართულობას, მის ცხოვრებას რობერტ ფ. კენედისთან და რობერტის გარდაცვალების შემდეგ წლებს. მასში წარმოდგენილია ინტერვიუები ეთელთან და მის შვილებთან, სადაც ასევე ნაჩვენებია ოჯახის ვიდოები და ფოტო არქივები.
1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა თეთრი სახლის ვარდების ბაღში კენედი რობერტ ფ. კენედის მედლით დააჯილდოვა. [18]
2014 წელს, მდინარე ანაკოსტიაზე ხიდს დაარქვეს ეთელ კენედის ხიდი მის პატივსაცემად. [19]
ასევე 2014 წელს, ეთელ კენედის ბარაკ ობამას მიერ მიენიჭა თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი „სოციალური სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვისა და სიღარიბის შემცირებაში შეტანილი წვლილისთვის“. [20][21]
ლიტერატურა
შლეზინგერი, არტურ მაიერ უმცროსი, რობერტ კენედი და მისი დრო, ჰაუტონ მიფლინ ჰარკორტი, 2002 წ.ISBN0-618-21928-5