სოფელში შემონახულია შუა საუკუნეების კოშკები. გარეგნულად ისინი ბევრად არ განსხვავდება თუშეთის სხვა სიმაგრეებისაგან, მათაც აქვთ სარკმლების ნაცვლად ვიწრო სამზერები, სათოფურები. ერთ-ერთი კოშკის ფასადში ჩაყოლებულია სამი, განსხვავებული ფერის მოზრდილი ქვა. ისინი ერთ ჰორიზონტალურ ზოლს ქმნიან ისე, რომ შუა ქვა კედლის ღერძს ემთხვევა, დანარჩენი ორი ნაპირებზეა. ქვებზე გამოსახულია წრეებში ჩასმული კვადრები, ზოგს გარშემო სხივები აქვს შემოყოლებული. დართლოში სხვა ნაგებობებზეც არის მსგავსი გამოსახულებანი. წრე არის გამოსახული სოფლის განაპირას მდებარე აკლდამის დასავლეთ კედელზეც, როგორც ჩანს, მიცვალებულთა მზის სიმბოლოდ. ეს გამოსახულებანი ასტრალურ შინაარსს ატარებს და ქართველთა უძველეს რწმენა-წარმოდგენებთანაა დაკავშირებული.
დართლოს ტერიტორიაზე არსებულ შენობებზე შემორჩენილია 18-მდე პეტროგლიფი, რომელთა მოძიება და ნახვა შესაძლებელია, სოფლის ცენტრში დამონტაჟებული საინფორმაციო დაფის საშუალებით.