დავით ანჰაღთი (სომხ.Դավիթ Անհաղթ), იგივე დავით ძლევამოსილი — VI საუკუნის სომეხიფილოსოფოსი, ნეოპლატონისტი. მისი თხზულებები შემორჩენილია ბერძნულად და ძველი სომხური თარგმანებით.
ბიოგრაფია
დავით ანჰაღთის ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. სომხური ტრადიციის მიხედვით, დაიბადა და სწავლა-განათლება მიიღო ალექსანდრიაში. იყო ამონიუს ერმიასის მოსწავლის, ოლიმპიოდორ უმცროსის მიმდევარი.[2] ზედწოდება „ძლევამოსილი“ მიიღო შესანიშნავი ორატორიისა და არგუმენტირების უნარის გამო. ღრმად იყო განსწავლული არისტოტელესა[3] სხვა ანტიკური პერიოდის ფილოსოფოსების თხზულებებში. სიცოცხლის ბოლო წლებში ალექსანდრიიდან სომხეთში გადადის საცხოვრებლად და საგანმანათლებლო მოღვაწეობას იწყებს ახპატში ეზნიკ კოხბაცისა და ეღიშეს მოღვაწეობის დროს. იმ დროისთვის სომხურ ენაზე უკვე ნათარგმნი იყო წმინდა მამათა თხზულებები, თუმცა დავითის მოღვაწეობის საფუძველზე ორიგინალური ფილოსოფიური თხზულებებით მოწინავე აღმოჩნდა სომხური ფილოსოფიური აზრი.
შემოქმედება
დავითის სულ ოთხი თხზულებაა შემორჩენილი. აქედან სამი როგორც ბერძნულად, ისე — ამ ტექსტების სომხური თარგმანითაა ჩვენამდე მოღწეული, ხოლო ერთი კი — მხოლოდ სომხურად. აღსანიშნავია, რომ სომხური ტექსტებიდან არცერთი ავტორის ხელიდან არაა გამოსული:
არისტოტელეს ანალიტიკის განმარტება (შემონახულია მხოლოდ სომხური თარგმანით)
ფილოსოფიის განსაზღვრებები
პორფირის შესავლის ანალიზი
არისტოტელეს კატეგორიების განმარტება
დავითი ქრისტიანი ნეოპლატონიკოსია, რომლისთვისაც თეოლოგია და ფილოსოფია თანაბარი მნიშვნელობის ცნებებია. იგი უარყოფს მითოსს, როგორც ფაქტობრივ მოცემულობას, თუმცა, უარს არ ამბობს ქრისტიანული მოდელების ალეგორიულ განმარტებაზე. მას ფილოსოფიის არსებობაც ღმერთის არსებობიდან გამოჰყავს. დავითის აზრით, თუ ღმერთი არსებობს, მაშინ მის ცნებაში იგულისხმება სამყაროს შექმნა და ასევე მასზე ზრუნვა. რა თქმა უნდა, ეს ზრუნვა ბრძნული იქნება, რაც იმის ნიშანია, რომ სიბრძნე არსებობს. თუკი არსებობს სიბრძნე, მაშინ არსებობს მისკენ მისწრაფებაც და ეს სწრაფვა იგივეა რაც ფილოსოფია.
↑Zu den Parallelen bei Ammonios siehe Maïa Rapava: Traditions et innovations dans l’école néo-platonicienne d’Alexandrie (Ammonius Hermias et David l’Invincible). In: Bedi Kartlisa 40, 1982, S. 216–227.