გულგულა — სოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფელი გულგულა).
მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 425 მ-ზე, თელავიდან დაშორებულია 6 კმ-ით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 108 ადამიანი.
ისტორია
სოფლის ტერიტორია დასახლებული იყო გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან, რასაც ადასტურებს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ე. წ. ოლიების ტყეში გამოვლენილი სამაროვანი, რომელიც გაითხარა 1956-1972 წლებში. 29 ორმოსამარხში აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის სიმრავლე მიანიშნებს, რომ მოსახლეობის ერთ-ერთი საარსებო წყარო მეთუნეობა უნდა ყოფილიყო. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ე. წ. სათვალისწყალზე გაითხარა 20 ორმოსამარხი, რომლებიც არქეოლოგიური მასალის ზოგიერთი თავისებურებით რამდენადმე ადრეული ჩანს.
გეოგრაფიულ პუნქტ გულგულას იხსენიებს „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“, რომლის მიხედვით, ზოგიერთი მოსაზრებით, ამ ადგილს ადრე ტყე-ტბა ერქვა. ტყე-ტბა ჰერეთისა და კახეთის სასაზღვრო ადგილზე მდებარეობდა.
1906 წლის 8 იანვარს სოფელში დაარსდა კომუნა, რომელიც ლევ ტოლსტოის იდეების მიმდევარმა ივანე კოლელიშვილმა დააარსა. მასში 190-დან 70 ოჯახი გაწევრიანდა, თუმცა მალე კომუნის წევრთა რაოდენობა გაიზარდა 100-120 კომლამდე. 1906 წლის 7 ოქტომბერს მთავრობამ კომუნა დაშლილად გამოაცხადა, მისი ხელმძღვანელი კოლელიშვილი კი დააპატიმრა და გადასახლება მიუსაჯა.[2]
სოფელში შემორჩენილია სხვადასხვა დროის არქიტექტურული ძეგლები: დიმიაანთ კოშკი (XVIII ს.), გვიანდელი შუა საუკუნეების კვირაცხოვლისა და ყველაწმიდის (განახლებულია XIX ს-ში) ეკლესიები, წმ. გიორგის ეკლესია (XVIII–XIX სს.).
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
1252[3]
|
2014 |
1108[1]
|
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო