გიორგი II — აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე 922-957 წლებში, კონსტანტინე III-ის ძე.
მეფობის პირველ წლებში სამეფო ტახტს ნახევარძმა ბაგრატი ეცილებოდა. გიორგი II-ის ხელისუფლება მხოლოდ ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ განმტკიცდა. მის სამეფოში შედიოდა ქართლი, რომლის ერისთავადაც თავისი უფროსი შვილი კონსტანტინე დაინიშნა. ქართლის აზნაურების მხარდაჭერით კონსტანტინე, რომელსაც გამეფება სურდა, მამას აუჯანყდა. გიორგი II-მ აჯანყება ჩააქრო, კონსტანტინე სიკვდილით დასაჯა და ქართლის ერისთავად თავისი მეორე ძე ლეონი (შემდეგში მეფე ლეონ III) დასვა. გიორგი II-ის დროს აფხაზთა სამეფომ პოლიტიკურ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. X საუკუნის 20-იან წლებში გიორგი II კახეთში შეიჭრა და შეიპყრო ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელმაც ცნო აფხაზთა მეფის უფლებანი კახეთზე. გიორგი II-მ კვირიკე II გაათავისუფლა. შემდეგში გიორგი II-ის გაძლიერების მოწინააღმდეგე ქართლისა და კახეთის აზნაურთს დახმარებით კვირიკე II-მ დაიბრუნა კახეთი. 957 გიორგი II-მ კახეთის დასაპყრობად ლაშქარი გაგზავნა თავისი შვილის ლეონის წინამძღოლობით, მაგრამ გიორგი II გარდაიცვალა და ლეონი და კვირიკე დაზავდნენ. კვირიკემ ცნო აფხაზთა მეფის სიუზერენობა. გიორგი II-ის გავლენა ვრცელდებოდა ტაოკლარჯეთში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. გიორგი II-ის ასული გურანდუხტი გურგენ მეფეთა მეფის მეუღლე იყო; გიორგი II-ის აქტიური ხელშეწყობით X საუკუნის II ნახევარში ალანთა ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ნაყოფიერად მოღვაწეობდა იგი კულტურის სფეროშიც. ქართული წყარო მას ეკლესიათა ამშენებელს უწოდებს. გიორგი II-მ დააარსა ჭყონდიდის (მარტვილის) საეპისკოპოსო კათედრა.
საისტორიო წყაროები
აბხაზთ მეფეთა ქრონიკაში ვკითხულობთ:
|
„წელსა :შჱ: აბხაზთა მეფემან გიორგიმ მარტვილი აღაშენა.“
|
|
|
მარტვილის ტაძრის წარწერა რომელიც მოჰყავს ბროსეს თავის Voyage-ში (Rap. VII, 12):
|
„---ႫႴჁ----Ⴀ ႺႾႰႡႧ ႠႶႠႸႤႬႠ Ⴜ~Ⴀ ႱႠႬႠႧႪႠ----“
|
|
((ღმერთო დიდებულო) მეფე აფხაზთა (ქართველთა, კახთა და ყოვლისავე საქართველოჲსა გიორგი დაიცევ) ცხოვრებით (?) აღაშენა წმინდა სანათლა(ვი))
|
მოშორებით ზევით:
|
„ႣႱ--ႧႢႬ----Ⴀ ႼႪႧႠ Ⴕ: ႵႰႩႱႠ: ႱႨႥ:“
|
|
(დას(აბამი)თგან(თა) წელთა (ს)ქ, ქორონიკონსა: სივ)
|
ლიტერატურა
- ლორთქიფანიძე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX-X სს.), თბ., 1963;
- Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сух., 1959;