ბუდაგ ბუდაგოვი (აზერ. Budaq Budaqov; დ. 23 თებერვალი 1928 — გ. 1 ნოემბერი, 2012) — აზერბაიჯანელი გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1976). აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1989). აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი.
ბიოგრაფია
ბუდაგ ბუდაგოვი დაიბადა 1928 წლის 23 თებერვალს, სომხეთის სოფელ ჩობანკერეში. 1947 წელს ჩააბარა აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტზე. 1951-1955 წლებში სწავლობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1967 წელს სადოქტორო დისერტაცია. 1976 წლიდან პროფესორია.
იკვლევდა გეომორფოლოგიურ საკითხებსა და უახლოეს ტექტონიკურ მოძრაობას, კავკასიონის აზერბაიჯანული ნაწილის ძველ გამყინვარებას, რის ხარჯზე შედგენილია რუკები 1:200000 მასშტაბით. 1956 წელს ბუდაგოვმა აღმოაჩინა ზედასარმატული ზღვიური ფაუნა 3600 მ სიმაღლეზე, საფუძვლიანად გამოიკვლია აზერბაიჯანის ბუნებრივი და ანთროპოგენური ლანდშაფტები და სხვა.
1981 წელს მუსეიბ მუსეიბოვთან და დავით უკლებასთან ერთად შეადგინა ამიერკავკასიის ლანდშაფტური რუკა. ბუდაგ ბუდაგოვი ავტორია 700-მდე გამოქვეყნებული ნაშრომისა, მათ შორის 48 მონოგრაფიისა. თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის ფარგლებში სულ მოამზადა 50 მეცნიერებათა კანდიდატი და 4 მეცნიერებათა დოქტორი.
შრომები
- Геоморфология и новейшая тектоника Юго-Восточного Кавказа. Баку, 1973;
- Современные естественные ландшафты Азербайджана. Баку, „Элм“, 1988.
რესურსები ინტერნეტში