ბნელი კოშკი (ინგლ.The Dark Tower) — ამერიკელი მწერალ სტივენ კინგის რომანების სერია. მათში გაერთიანებულია ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა, საშინელებები და ვესტერნი. რომანებში აღწერილია „მსროლელი“ და მისი მოგზაურობა კოშკისკენ, რომელიც როგორც ფიზიკური, ასევე მეტაფორული ხასიათის არის. კინგი ამ წიგნებს საკუთარ magnum opus-ს უწოდებს. გარდა ძირითადი რვა რომანისა, რომელთა გვერდების საერთო რაოდენობა 4250-ს შეადგენს, ბნელ კოშკს უკავშირდება სხვა ნაშრომებიც. რომანების გამოცემის შემდეგ გამოვიდა კომიქსების სერიაც.
რომანების სერიაზე ძირითადი გავლენა იქონია რობერტ ბრაუნინგის ლექსმა „ჩაილდ როლანდი ბნელ კოშკს მიადგა“ (ლექსის სრული ტექსტი მოცემულია უკანასკნელი წიგნის დანართებში). 2003 წელს გამოცემული პირველი წიგნის, „მსროლელის“ წინასიტყვაობაში კინგი საკუთარი გავლენის წყაროებად ასახელებს „ბეჭდების მბრძანებელს“, ართურის ლეგენდებს და ფილმს „კარგი, ცუდი, ბოროტი“. მისი თქმით, კლინტ ისტვუდის მიერ განსახიერებულმა „უსახელომა“ მთავარ პერსონაჟზე, როლანდ დისკეინზე, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. კინგის მიერ შექმნილი სამყაროში, რომელსაც „შუა-სამყარო“ ეწოდება და ენაში, რომელიც ცნობილია, როგორც „მაღალი დიალექტი“, ასევე შეიმჩნევა ჯ.რ.რ. ტოლკინის შემოქმედების გავლენა.
2009 წელს კინგმა გამოსცა მერვე წიგნი, „ბნელი კოშკი: ქარი საკლიტეში“. 2009 წლის 7 დეკემბერს გამოვიდა დამატებითი, ონლაინ თამაში Discordia.[1] 2010 წლისთვის 40-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა სერიის 30 მილიონზე მეტი ასლი.[2] იმავე წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილი იყო რომანის ეკრანიზაცია, მხატვრული ფილმებისა და სერიალის სახით. პროექტი დაიხურა 2011 წლის ივლისში[3], მაგრამ 2011 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ წარმოება კვლავ იგეგმებოდა, HBO-სთვის მომზადებული სერიალის სახით.[4]
2012 წლის 13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია Warner Bros.-ის მხრიდან ეკრანიზაციით დაინტერესების შესახებ. ხავიერ ბარდემი თავდაპირველად როლანდის როლის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როლი მოგვიანებით რასელ კროუს შესთავაზეს.[5] ცნობილი იყო, რომ თავდაპირველად გადაღებების დაწყება დაგეგმილი იყო 2013 წლის დასაწყისში.[6] Warner Bros.-მა მოგვიანებით პროექტზე უარი განაცხადა, მაგრამ მოლაპარაკებებში Media Rights Capital ჩაერთო.[7]
სტივენ კინგი თვლიდა, რომ ბნელი კოშკის თავდაპირველად გამოცემული ვერსიები არ იყო საბოლოო. იგი გეგმავდა მათზე კვლავ მუშაობას, გადამუშავებას და არსებული შეცდომების და შეუსაბამობების შესწორებას. თუმცა, პირველი რომანის დამუშავების შემდეგ, მიხვდა, რომ მთელი სერიის ხელმეორედ დაწერა აუცილებელი აღარ იყო.[8]
თავდაპირველად, 2007 წელს, წიგნის ეკრანიზაციაზე უნდა ემუშავა რეჟისორ ჯეი ჯეი აბრამსს[12], თუმცა მოგვიანებით იგი ჩამოშორდა პროექტს.[13] 2010 წლის 8 სექტემბერს ოფიციალური ანონსიდან ცნობილი გახდა, რომ გამოვიდოდა მხატვრული ფილმების ტრილოგია, ისევე, როგორც ტელესერიალი, შემდგარი ორი სეზონისგან, რომელიც აღწერდა ფილმებს შორის მომხდარ მოვლენებს.[14] პრესრელიზში, რომელიც Universal Pictures-მა 2010 წლის 29 ოქტომბერს გამოაქვეყნა, პირველი ფილმი გამოვიდოდა 2013 წლის 17 მაისს.[15] 2011 წლის 19 ივლისს კომპანია გამოეთიშა ფილმების და სერიალის წარმოებას. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სტუდია რონ ჰოვარდს, ფილმის პროდიუსერს, ვერ შეუთანხმდა.[16] მიუხედავად ამისა, სტივენ კინგი იმედოვნებდა, რომ ჰოვარდი პროექტს სხვა სტუდიასთან ერთად განავითარებდა. რონმა დაადასტურა, რომ წარმოება კვლავ მიმდინარეობდა და HBO იქნებოდა პასუხისმგებელი ტელესერიალზე.[4][17]
2012 წლის 13 მარტს ცნობილი გახდა, რომ Warner Bros. Pictures დაინტერესებული იყო ფილმის წარმოებით, ხოლო რასელ კროუ, რომელიც მანამდე მთავარ როლზე განიხილებოდა, ასევე ამოვარდა პროექტიდან. ვარაუდობდნენ, რომ გადაღება დაიწყებოდა 2013 წლის პირველ კვარტალში. საბოლოოდ, Warner-მაც უარი თქვა მის წარმოებაზე.[18] მოგვიანებით, 2015 წლის 10 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ Sony Pictures და Media Rights Capital შეუერთდებოდნენ წარმოებას, აკივა გოლდსმანის მიერ დაწერილი სცენარით. გოლდსმანი მუშაობდა 2010 წელს წარმოდგენილ ვერსიაზე. განახლებული სცენარი ჯეფ პინკნერის თანაშემწეობით დაიწერა.[19] 2015 წლის 2 ივნისს სტუდიამ გააფორმა კონტრაქტი რეჟისორ ნიკოლაი არსელთან.[20] 5 აგვისტოს დაიგეგმა ფილმის 2017 წლის 13 იანვარს გამოსვლა.[21] 2016 წლის 1 მარტს ცნობილი გახდა, რომ იდრის ელბა შეასრულებდა რონალდ დისკეინის, ხოლო მეთიუ მაკ-კონეჰი — რენდელ ფლეგის როლს.[22] 2017 წლის 3 მაისს გამოვიდა ფილმის პირველი ოფიციალური ტრეილერი.[23]