ბანდი-თურქესტანი, ბანდე-თურქესტანი — ქედი ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ფაროფამიზის სისტემაში. ადმინისტრაციულად მოქცეულია ბადღისის, ფარიაბისა და სარიპულის პროვინციების ტერიტორიაზე. გამოეყოფა საფედქოჰის ქედს გასწვრივი ღრმულით, რომელზედაც გაედინება მდინარე მურღაბი. გადაჭიმულია დაახლოებით 300 კმ-ზე. სიმაღლე 3530 მ (მთა ჰაუზი-ქაუდი).[1] უმეტესწილად აგებულია კირქვებითა და ფიქლებით. ჩრდილო-დასავლეთით ბანდი-თურქესტანი გადადის ყარაბილის ბორცვიან მაღლობში. განვითარებულია კონტინენტური კლიმატი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 100-350 მმ ფარგლებში იცვლება. დამახასიათებელია მთის სტეპი, მთისწინეთში უდაბნოა. ზედა სარტყელში ღვიის მეჩხერი ტყეა. მიდამოები არ არის მჭიდროდ დასახლებული. გვხვდება ოაზისები.[2]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო