აჰმედ ვეფიკ-ფაშა (თურქ. Ahmed Vefik-Paşa; დ. 3 ივლისი, 1823, კონსტანტინოპოლი, — გ. 2 აპრილი, 1891, სტამბოლი) — თურქი მწერალი, მეცნიერი, სახელმწიფო მოღვაწე.
ბიოგრაფია
განათლება მიიღო პარიზში. იყო ელჩი თეირანსა და პარიზში, იუსტიციისა და ვაკუფების მინისტრი. ორჯერ ეკავა დიდვეზირის (პრემიერის) პოსტი (1878, 1882). თურქულად თარგმნა ფრანგი და სხვა ევროპელ კლასიკოსთა — შექსპირის, შილერის, ვოლტერის და სხვათა ნაწარმოებები. მოლიერის ზოგიერთი კომედია დაადგმევინა თურქეთის თეატრების სცენაზე. „ლეჰჯე-ი ოსმანის“ სახელით ცნობილ მის ლექსიკონში (1876, 1888) დიდი ადგილი ეთმობა თურქულ ეროვნულ ლექსიკას.
მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე თურქული სალიტერატურო ენის ძირეული რეფორმის საქმეში. საყურადღებოა აგრეთვე ბ. აბულღაზის „თურქების გენეალოგიური ხის“ ვეფიკ-ფაშისეული თარგმანი და კომენტარები, შრომები „ოსმალეთის ისტორია“ (1869), „თურქული ანდაზების კრებული“ და სხვ. ვეფიკ-ფაშას ეკუთვნის „ოსმალეთის ისტორია“ (1869), სადაც ამბები გადმოცემულია სახელმწიფოს დაარსებიდან 1789 წლამდე. მის თხზულებაში არაერ-თი საყურადღებო ცნობაა საქართველოსა და კავკასიის შესახებ.
ლიტერატურა
- შენგელია ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, , 2014.
- შენგელია ნ., XV–XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.
სქოლიო