არგიშთი I — ურარტუს მეფე (ძვ. წ. 786 - ძვ. წ. 764). მენუას ძე. მის დროს ურარტუ წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ გადაიქცა. დიდი წარმატებები მოიპოვა არგიშთი I-მა ასურეთთან ბრძოლაში, აგრეთვე ჩრდილოეთ სირიის, ურმიისპირა რაიონისა და სამხრეთ ამიერკავკასიის დასაუფლებლად გამართულ ომებში. არგიშთი I-ის დროს ამიერკავკასიაში, არარატის ველზე, ააგეს დიდი ურარტული ციხე-ქალაქები ერებუნი (ახლანდელი არინ-ბერდი) და არგიშთიხინილი. არგიშთი I-ის დროს დაიწყო სევანისპირა რაიონების დაპყრობა. საქართველოს ტერიტორიამდე მოაღწია არგიშთი I-ის სახელით შედგენილმა მრავალმა ურარტულმა წერილობითმა ძეგლმა, მ. შ. ვანის კლდეზე ამოკვეთილმა მატიანის ხასიათის წარწერამ. 1985 წელს თურქეთში ჰანაკთან აღმოაჩინეს ფუჩღულეთის ურარტული წარწერა, რომელშიც აღწერილია მეფე არგიშითის ბრძოლები.
ლიტერატურა