ალპინიადა — მასობრივი სასწავლო, სპორტული ან საიუბილეო ალპინისტური ღონისძიება. სასწავლო ალპინიადა იგივეა რაც ლაშქრობა მაღალმთიან ადგილებში, რომელიც მწვერვალის დაპყრობით მთავრდება. სპორტული ალპინიადა არის სხვადასხვა სირთულის მარშრუტის დაძლევა; მისი მიზანია თანრიგოსანი სპორტსმენების მომზადება. საიუბილეო ალპინიადა თავისი ხასიათის მიხედვით შეიძლება იყოს სასწავლო ან სპორტული და რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას ეძღვნება. მაგ., 1968 წელს ჩრდილოეთ უშბაზე (4694 მ, მე-4 კატეგორია) მოწყობილი სპორტული ალპინიადა (48 კაცი, ხელმძღვანელი მიხეილ ხერგიანი), რომელიც კომკავშირის 50 წლისთავს მიეძღვნა.[1]