დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრო-მექანიკის ფაკულტეტი. შესრულებული აქვს ასზე მეტი ასვლა პამირისა და კავკასიონის მწვერვალებზე. საეტაპო და მნიშვნელოვანი იყო მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული პირველი ასვლები თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), უსახელო მწვერვალზე პამირში (1936), ცენტრალური კავკასიონის მცირე (1938) და დიდი ტრავერსი (1940), ასვლები ახალი გზით მყინვარწვერზე (1931), 1943 წლის ზამთრის ასვლა უშბაზე.
პირველმა შეისწავლა და გამოიკვლია ხვამლის, ორხვის, ორპირის, ტვიშის, შიომღვიმისა და უფლისციხის გამოქვაბულები, კაცხის სვეტი. 1936-1940 და 1943-1945 წლებში იყო საქართველოს ალპური კლუბის თავმჯდომარე. ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი მიენიჭა მის მიერ დაარსებულ საქართველოს ალპურ კლუბს (1945), მწვერვალებს პამირსა და კავკასიონზე, სოფელ ხრეითში, მამაპაპეულ სახლში გახსნილია მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983).